საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, 2018-2022 წლებში საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეები - მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე, ევროპის და ცენტრალური აზიის მდგრადი განვითარების სექტორის ხელმძღვანელი სარა მაიკლი ესწრებოდნენ. მხარეებმა საავტომობილო გზების, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ამ პროექტების ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია. მინისტრმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ გეგმის სივრცითი მოწყობის მიმართულებას. მაია ცქიტიშვილმა აქცენტი ავტომაგისტრალების მშენებლობის პროცესსა და ამ კონტექსტში, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ბოლომდე ათვისების აუცილებლობაზე გააკეთა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების განვითარების პროექტებს.
მერსი ტემბონმა ისაუბრა მსოფლიო ბანკის საწესდებო კაპიტალის ზრდის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ბანკს, გაზარდოს საქართველოში დაფინანსების მოცულობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში გაიზრდება დაფინანსება განათლების, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა, საქართველოში საავტომობილო გზების პროექტების დასაფინანსებლად, დაახლოებით, 832 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, საიდანაც დაახლოებით 527 მილიონი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად, დაახლოებით 305 მილიონი კი - შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე. ამჟამად ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს რეგიონული განვითარების რამდენიმე პროგრამა, რომლის დასაფინანსებლადაც, საერთო ჯამში, გამოყოფილია დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარი.