2017 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა

2017 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკაში, რომლის პრეზენტაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ტურიზმის ადმინისტრაციამ გამართა.

"2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტითაა გაზრდილი", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 6.5 მილიონიდან 4.1 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი, ხოლო ექსკურსიული - 2.4.

"2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 22.5- პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებიათ.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1 პროცენტი) აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0,2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების 46.1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით", - ნათქვამია კვლევაში.