Facebook-მა 200-ზე მეტი აპლიკაცია „გაყინა“

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა მონაცემთა ბაზის გაჟონვის სკანდალის შემდეგ წარმოებული შემოწმების ფარგლებში სოციალურ ქსელთან დაკავშირებული 200-ზე მეტ პროგრამას ქსელზე წვდომა შეუჩერა.

საუბარია აპლიკაციებზე, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა მომხმარებლების ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციასთან.

როგორც სოციალური ქსელის ბლოგში ვკითხულობთ, „Facebook განაგრძობს ყველა აპლიკაციის შემოწმებას, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ წვდომა მომხმარებელთა პირად მონაცემებთან. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. დღეისათვის ათასობით აპლიკაციაა შემოწმებული და აქედან 200-ს შეუწყდა წვდომა სოციალურ ქსელზე, ვიდრე გაირკვევა, იღებდნენ, თუ არა ისინი მონაწილეობას პირადი ინფორმაციის სხვა კომპანიებისთვის გადაცემაში“.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, თუ შემოწმება აჩვენებს, რომ ამ დროისთვის „გაყინული“ აპლიკაციები პირადი ინფორმაციის მოპოვებისას კანონს არღვევდნენ, მოხდება მათი სრული ბლოკირება, ხოლო მათი მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ შეტყობინებებს.

შეგახსენებთ, კონტროლი პირადი მონაცემების დაცვაზე სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც კომპანია გაეხვია დიდ სკანდალში. მიმდინარე წლის აპრილში გაირკვა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის გავრცელებით არის დაკავებული, 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე მიიღო წვდომა. ეს მონაცემები გამოიყენებოდა ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპატიების დასადგენად და მათთვის პოლიტიკური რეკლამების საჩვენებლად.

კოკა კვირკველია