ლიცენზია ჩამორთმეული ერთი და დაჯარიმებული ორი ბანკი – როგორია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შედეგი საქართველოში
3.9 მილიონი ლარის ჯარიმა, 1 საბანკო ლიცენზიის გაუქმების ფაქტი, 133 ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის, 6 საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის და 1 ფულადი გზავნილის განმახორციელებელი კომპანიის საქმიანობის უფლების შეჩერება, – ასეთია ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის 2 წლიანი საქმიანობის შედეგი.
სებ-მა ახალი მეთოდოლოგიით საფინანსო ორგანიზაციების შემოწმება 2016 წელს დაიწყო. იმავე წელს სისტემატური დარღვევების გამო “კაპიტალ ბანკს” მარეგულირებელმა ლიცენზია ჩამოართვა. 111 შემოწმებული სავალუტო ჯიხურიდან 70 შეუჩერდა რეგისტრაცია. მოხდა 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 9 გზავნილის განმახორციელებელი პირის ადგილზე ინსპექტირებაც. ჯამში, 2016 წელს სექტორის მოთამაშეები 1.3 მილიონით დაჯარიმდნენ.
მკვეთრად გაიზარდა ჯარიმის ოდენობა 2017 წელს. დარღვევები შემოწმებულ 2 კომერციულ ბანკში გამოვლინდა, რომლებიც სებ-მა 1.9 მილიონით დააჯარიმა. ბანკების ვინაობა კი, მარეგულირებელმა სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციით, კონფიდენციალურად დატოვა.
გასულ წელს კიდევ 712,750 ლარის სანქციები დაეკისრა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს. 6 საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, 63 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და 1 ფულადი გზავნილის განმახორციელებელ პირს რეგისტრაცია გაუუქმდა.
თეთრდება თუ არა ფული ქართულ საფინანსო სექტორში, კონკრეტულად კი ქართულ საბანკო სექტორში, თემაზე “ბანკები და ფინანსები” საბანკო საქმის ექსპერტს, ლია ელიავას ესაუბრა.
ელიავას თქმით, სინამდვილეში ფულის გათეთრების ფაქტები როგორც ასეთი, გამოვლენილი არ არის საქართველოში და პრინციპში შეუძლებელია მათი გამოვლენა, თუმცა მისივე თქმით, ყოველთვის თეთრდებოდა ფული საქართველოში, მაგრამ ამის გამოვლენა და დადასტურება ურთულესია.
“ეს იქნება კომერციული ბანკების ვალდებულება, რომ ინფორმაცია წარადგინონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ზოგჯერ ამას ბანკები უგულებელყოფენ, ან დაგვიანებით წარადგენენ. შესაბამისად, ჯარიმებიც ამიტომ ეკისრებათ. სინამდვილეში ფულის გათეთრების ფაქტები როგორც ასეთი, გამოვლენილი არ არის საქართველოში და პრინციპში შეუძლებელია მათი გამოვლენა ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოტენციალის გათვალისწინებით. ფაქტობრივად, ფულის გათეთრების დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის მეშვეობით და საბანკო სექტორი არის იმდენად დახურული, რომ იქ ფულის მოძრაობაზე თვალის დევნება არის საკმაოდ რთული.
რაც შეეხება “პროგრეს ბანკის” ქეისს, “პროგრეს ბანკი” ისედაც კვდებოდა. ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს ამ ქეისს. რა თქმა უნდა, ჩვენნაირი სუსტი ინსტიტუციონალური საწყისების მქონე ქვეყანაში ფული დასეირნობს, იცით, რომ ღია ეკონომიკა გვაქვს. ფული შემოდის და გადის უკონტროლოდ. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქაც თეთრდება ფული, თუმცა ამის გამოვლენა სახელისუფლებო ორგანოებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ. როდესაც საუბარია განსაკუთრებით დიდ თანხებზე, იქ ცხვირს არავინ არავის არ ჩააყოფინებს. ამიტომ, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ საქართველოში ფული თეთრდება და არიქა, ამის გამო ვიღუპებით, თუმცა ყოველთვის თეთრდებოდა ფული საქართველოში, მაგრამ ამის გამოვლენა და დადასტურება ურთულესია. აქ მხოლოდ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კომპეტენცია, რომელიც ადრე ამ მიმართულებით მუშაობდა, საკმარისი არ არის. კი არსებობს სპეციალური სახელმძღვანელოები შემუშავებული, მაგრამ იმისთვის, რომ შენ ეს დაადასტურო, კომერციული ბანკი უნდა გქონდეს ხელის გულზე გადაშლილი თუნდაც ყოველ 5 წუთში – რა ოპერაციებს ახორციელებს, სად გადარიცხავს ფულს, ვის ფულს გადარიცხავს. დააკვირდით, პერიოდულად რატომ ვარდება სავალუტო კურსი, გადის ქვეყნიდან ფული. ვისი ფული გადის, სად გადის, ამის შესახებ შეიძლება ეროვნულ ბანკსაც არ ჰქონდეს ინფორმაცია. როდესაც უზარმაზარი რაოდენობის ფული გადის ქვეყნიდან, შეიძლება ის იყო გათეთრებული და გაიქცა, მაგრამ ვერ დაადასტურებ ამას. ეს არის პატარა და სუსტი ქვეყნების ავადმყოფობა”, – აცხადებს ელიავა.
ფინანსისტის, ვახტანგ ხომიზურაშვილის შეფასებით, ფულის გათეთრების რისკი სულ არსებობდა და დღესაც არსებობს. მისივე თქმით, ფულის გათეთრების იდენტიფიცირება ძირითადად ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენით არის შესაძლებელი, რადგან გადმორიცხვებით იმის დადგენა, თეთრდება თუ არა ფული, საკმაოდ რთულია.
“ფულის გათეთრების რისკი ყოველთვის არსებობდა და არსებობს კიდეც იმდენად, რამდენადაც არალეგალურად მოძიებული თანხები შეიძლება იყოს შეტანილი ნებისმიერი კომპანიის საწესდებო კაპიტალში. ამ შემთხვევაში ხდება ფულის ჩვეულებრივი ლეგალიზება. წყარო არ არის მითითებული ამ თანხის. რეალურად, რასაკვირველია ბანკებს აქვთ მითითება, რომ მოითხოვონ წყარო თანხის, რამდენად სრულდება ეგ სხვა საკითხია. როდესაც ხსნიან ბანკში ანგარიშს და საწესდებო კაპიტალში შეაქვთ თანხა სალაროდან, ამ შემთხვევაში ბანკის კონტროლი უნდა იყოს გაძლიერებული. ბანკმა უნდა მოითხოვოს დადასტურებული წყარო თუ საიდან არის ეს თანხა, იმიტომ რომ რეალურად ფულის გათეთრება ხდება ნაღდი ფულით, ანუ ქეშით. რაც შეეხება ტრანზაქციებს, ტრანზაქციებით ძალიან რთულია დადგენა, რამდენად კანონიერია თანხები. აქედან გამომდინარე, გათეთრება თანხის ხდება ქეშით. როდესაც ქეში შედის ანგარიშზე, ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში, უნდა მოხდეს ამ თანხების წარმომავლობის დადგენა. ეროვნულ ბანკს საკმარისი ბერკეტი გააჩნია, იმიტომ რომ თუ მან ბანკები გააკონტროლა შესაბამის დონეზე, გარკვეული შედეგი იქნება, იმიტომ რომ ყველა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვს ფულის წყაროს დასახელება. აუცილებელი არ არის ეს მაინცდამაინც დიდ თანხებს ეხებოდეს. როგორც წესი, როდესაც აღემატება დაახლოებით 40 000 დოლარს, ითხოვენ წყაროს დასახელებას”, – აცხადებს ხომიზურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სს “კაპიტალ ბანკის” შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “კაპიტალ ბანკს” გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რის გამოც ბანკი გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში. ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი – დეპოზიტართა მოთხოვნები.
ბაჩანა ჯინჭარაძე
წყარო: bfm.ge