Tesla უცხოეთში პირველ ქარხანას ჩინეთში ააშენებს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla პირველ წარმომადგენლობას ამერიკის ფარგლებს გარეთ ჩინეთში ხსნის.

საუბარია შანხაიში დარეგისტრირებულ კომპანიაზე Tesla Shanghai Co. Ltd, რომლის ერთადერთ მფლობელად მოხსენიებულია კომპანია Tesla. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

შესაბამისად, Tesla აპირებს ჩინეთში წარმოების დაწყებას ადგილობრივი პარტნიორის გარეშე და მისი კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 15,8 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, უცხოური ავტომწამროებლები იმის გამო, რომ თავიდან აიცილონ 25%-იანი გადასახადი ჩინეთში შესვლისას პარტნიორად ირჩევენ ადგილობრივ კომპანიას, თუმცა Tesla-ს შემთხვევაში ასე არ მოხდა, ვინაიდან როგორც ჩანს, არ სურს მისი ტექნოლოგიის ჩინური კომპანიებისთვის გაზიარება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია ჩინეთში წარმოებას დაიწყებდა, ადრეც ვრცელდებოდა და ახლანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამას მოწმობს. როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნათ შეზღუდვები იმ ავტომწარმოებლებს, რომლებიც „ალტერნატიულ საწვავზე“ მუშაობენ. ეს ხელს უხსნის Tesla-ს, გახსნას საკუთარი ქარხანა ჩინეთში, თუმცა უკვე წარმოებული ავტომობილის მიწოდება ქსელში ადგილობრივი პარტნიორის გარეშე, ანალიტიკოსების აზრით, კომპანიას გაუჭირდება. ექსპერტების აზრით, კომპანიას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება ახალი საწარმოს მშენებლობისთვის და ავტომობილების წარმოების დაწყებისთვის.

კოკა კვირკველია