"ექსპო ჯორჯიაში" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა გაიმართება

გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია", 6-დან 8 ივნისის ჩათვლით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენას – "WinExpo Georgia 14" ატარებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია. წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ჩინეთი.

გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ საქართველოში ცნობილი ღვინის მწარმოებლების გვერდით წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნები. ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ყველი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ღვინოები, სხვადასხვა რეგიონში დამზადებული ქვევრის ღვინო და მათი ნაირსახეობა.

გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, "ასოციაცია ქართული ღვინო" და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.