წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 17.1%-ით (18.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი, 300.5 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2018 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (35.3 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (14.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (14.5 მლნ აშშ დოლარი), აშშ (12.7 მლნ აშშ დოლარი) და ისრაელი (11.8 მლნ აშშ დოლარი).
2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.