3 560 ჰექტარი ტყის მასივის შეწამლვა დაიწყო

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ავიაციის საშუალებით 3 560 ჰექტარი ტყის მასივის შეწამლვა დაიწყო.

როგორც მერიაში ამბობენ, ტყის მასივის შეწამლვა უსაფრთხო ბიოპრეპარატ "ლეპიდოციდის" გამოყენებით დაიწყო, რაც ფოთლის მღრღნელი მავნებლების: ცქვლეფია მზომელასა და მოზამთრე მზომელას განადგურებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ტყის კულტურების, ასევე ქალაქის მწვანე ნარგაობის, ვაზის, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის, დეკორატიული მერქნიანი ჯიშების, კენკროვნების, პურეული მარცვლეულის, შაქრის ჭარხლის, კარტოფილის, მზესუმზირის, კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის, სამკურნალო მცენარეების მავნებლების წინააღმდეგ.

პრეპარატი არ არის ტოქსიკური, მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში, სრულიად უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, თევზებისა და ფუტკრებისთვის (ფუტკრების მიმართ ბიოპრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 6-12 საათით). ფოთლის მღრღნელი მავნებლები: ცქვლეფია მზომელა და მოზამთრე მზომელა თბილისის შემოგარენში მრავლდება, შესაბამისად შეწამვლა სწორედ ამ ტერიტორიებზე განხორციელდება.

გამწვანების სამსახურმა თბილისის ტყეების შეწამლვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა გამოკვლევები და დადგინდა, რომ ფოთლის მღრღნელმა მავნებლებმა დაბა წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიაში, კოჯორში, კიკეთში, წავკისისა და კვესეთის ტყეებში ყველა ფოთლოვან და ბუჩქოვან მცენარეებზე გამრავლება დაიწყეს. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურია, მაშინ როდესაც მავნებლები პატარები არიან. შესაბამისად, "ლეპიდოციდით" ფოთოლ მღრღნელი მავნებლების შეწამვლა მაისში ყველაზე ეფექტურია, რადგან მავნებლები სწორედ ამ პერიოდში იწყებენ გამოზამთრებული კვერცხებიდან გამოსვლას.

სამუშაოები კარგ ამინდში ყოველდღიურად დილას, მზის ამოსვლამდე და გვიან საღამოს ჩატარდება. პროცესი, სავარაუდოდ, 1 ივნისამდე დასრულდება.

თბილისის მერია მიმართავს შესაწამლი ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, მიუხედავად პრეპარატის არატოქსიკურობისა, მათ მაინც გაითვალისწინონ - თვალში მოხვედრისას: სასწრაფოდ დაიბანონ თვალები გამდინარე წყლით ან 2%-იანი საჭმლის სოდის ხსნარით რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ჩაიწვეთონ 30%-იანი ალბუციდი; კანზე მოხვედრისას: დაიბანონ საპნით და წყლით; სასუნთქ ორგანოებში მოხვედრისას: გაიყვანონ დაზარალებული სუფთა ჰაერზე; პრეპარატის გადაყლაპვისას: პირს ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა; სპეციფიკური ალერგიული გამოვლინების შემთხვევაში (ლორწოვანი გარსისა და კანის გაღიზიანება): მიმართონ ექიმს.