საქართველოში ოპერირებას მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა Les Roches იწყებს

შვეიცარული სკოლა ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის მიმართულებით Les Roches, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის, საქართველოში იწყებს ოპერირებას.

ამ მიმართულებით უმაღლესი რანგის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პირველი შემთხვევაა როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, რეგიონში. მისი შემოსვლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა. პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტი ამ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოში განახორციელებს, ეწოდება: სასტუმროების მართვის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის, რის შედეგადაც გაიცემა Les Roches-ს დიპლომი. რეგიონში ამ დონის პროგრამის განხორციელების პირველი პრეცედენტია. Les Roches-ს შემოსვლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს, არამდე ტურიზმის განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. საქართველო გახდება საგანმანათლებლო ჰაბი და აქ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ სასწავლებლად. მთელი სასწავლო პროგრამა Les Roches-ს მიერაა შედგენილი. ის ანალოგიურია იმ პროგრამისა, რომელიც Les Roches-ს უნივერსიტეტში, შვეიცარიაში ისწავლება. კურსი თეორიულთან ერთად ბევრ პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს”, - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სტუმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტი. სწორედ ეს ინსტიტუტი განახორციელებს პროგრამას. სტუმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტის პარტნიორის მანანა უგულავას განმარტებით, მათ აქვთ ისეთივე აკრედიტაცია, როგორიც ჰარვარდის სკოლას.

”მსგავსი დონის ბრენდი არც საქართველოში და არც რეგიონში ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა. პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში მომსახურების სერვისს. შედეგად განვითარდება ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს რეგიონალური ჰაბი განათლების მიმართულებით. პროგრამის განხორციელება რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს ქართველი სტუდენტების გადინებას შეაჩერებს, რადგან ისინი ადგილობრივად შეძლებენ უმაღლესი დონის განათლების მიღებას. მეორე მხრივ, მოვიზიდავთ საერთაშორისო სტუდენტებს. ასევე, ამაღლდება ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია,” - განმარტავს მანანა უგულავა.

მანანა უგულავას, სტუმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტის პარტნიორის, განცხადებით თავად პროგრამას სასტუმროების მართვის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის ეწოდება და განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია.

პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადეკვატური, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებას და მდგრადობას.

კურსის ხანგრძლივობა 1 წელია. სასწავლო პროცესში Les Roches-ს პრაქტიკოსი ლექტორებიც აქტიურად ჩაერთვებიან.