„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს. აღნიშნული წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია, რომლის განხილვაც ჯანმრთეობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, 1-ლი მაისიდან დახურულ შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, თუმცა გამონაკლისებს შორის არის სამორინე, სადაც თამბაქოს მოხმარება დასაშვებია.
„სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში“ კი მიიჩნევენ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და სამორინეს ნაცვლად კანონში აზარტული/მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) უნდა იყოს მითითებული.
„აზარყული ან/და მომგებიანი თამაშის მოწყობის სივრცე გულისხმობს, ისეთ სივრცეს, სადაც ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, წარმოდგენილია და ფუნქციონირებს, ისეთი აზარტული და მომგებიანი პროდუქტები, როგორებიცაა: აზარტული კლუბი, სამორინე, ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატების სალონი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტების ოპერირება ცალ-ცალკე სივრცეში, შიგადაშიგ შერეულად, ხოლო იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში ერთად მიმდინარეობს. 1-ლი მაისიდან კანონის ამ რედაქციით ამოქმედება სათამაშო ბიზნესის ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას გამოიწვევს. კერძოდ, ოპერატორი აგენტი, რომელსაც ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში აქვს თავმოყრილი, თითქმის მონოპოლიურ გარემოში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტები გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან, რამდენაც თამბაქოს მოხმარება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში თითქმის აუცილებელი თანმდევი პროცესია,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. საუბარია, პირადი საცხოვრებლის გარდა, ნებისმიერ შენობაზე, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი.