ეკვადორმა ასანჯის შენახვაზე უკვე 5 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა

ეკვადორის ხელისუფლებას „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჟულიან ასანჯის შენახვა ლონდონში მდებარე მის საელჩოში სულ ცოტა 5 მილიონი დოლარი უკვე დაუჯდა.

როგორც ცნობილია, ასანჯმა ეკვადორის ხელისუფლებისგან თავშესაფარი 2012 წელს მიიღო და მას შემდეგ ლონდონში ამ ქვეყნის საელჩოში იმყოფება. როგორც Guardian წერს, ასანჯის შენახვისთვის საჭირო ბიუჯეტი მხარდაჭერილია იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტის რაფაელ კროეას მხრიდან. ოპერაციაზე „სტუმარი“, რომელსაც შემდეგ გადაერქვა სახელი ოპერაცია „სასტუმრო“ ეკვადორის ხელისუფლება ყოველთვიურად 66 ათას დოლარს ხარჯავდა. ამაში შედიოდა 24 საათიანი დაცვის მომსახურება, ვიდეოთვალთვალის სისტემები, ასანჯის სტუმრების შემოწმება და მათ შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება.

ეკვადორელი დიპლომატები ასევე განიხილავდნენ ასანჯის საელჩოდან გაქცევის რამდენიმე ვარიანტს, ვინაიდან ეშინოდათ ბრიტანელ სამართალდამცველებს არ დაეკავებინათ ის ადგილზე და ამიტომ განიხილებოდა მისი გაყვანა დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით ან გაეროში ეკვადორის წარმომადგენლად დანიშნვა, რომ გამხდარიყო ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, 2012 წელს ასანჯიმ ლონდონში თავშესაფარი მოითხოვა, რათა არ მომხდარიყო მისი ექსტრადირება შვედეთში, სადაც მას სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს. ამ ბრალდებებს ის გამოგონილს და პოლიტიკური დევნის საბაბად აფასებდა. ის ფრთხილობდა, რომ შვედეთი მის დეპორტირებას მოახდენდა შეერთებულ შტატებში, სადაც მას 35-წლიანი პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო ინფორმაციების გასაჯაროვების გამო. მას შემდეგ ის ლონდონშია და ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას არ ტოვებს.

კოკა კვირკველია