„ექიმების შეცდომების გაშუქების ჯარიმებით და აკრძალვებით დარეგულირება სწორად არ მიმაჩნია“

„საკითხის ჯარიმებით და აკრძალვებით დარეგულირება სწორად არ მიმაჩნია“.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ექიმების შეცდომა/გადაცდომის შესახებ მედიით გაშუქების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მედიის თვითრეგულირების და ეთიკის კოდექსის საკითხია. ამასთან, როგორც ზოიძემ აღნიშნა, არასწორად მიიჩნევს ასევე სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ადამიანისთვის თვითგამოხატვის უფლების აკრძალვასაც.

„მოტივაცია მესმის, რის გამოც ეს საკანონმდებლო წინადადება შემუშავდა, თუმცა ამის ჯარიმებით და აკრძალვებით დარეგულირება სწორად არ მიმაჩნია. როგორც წესი, დასავლეთ დემოკრატიებში მედისთვის ეს თვითრეგულირების და ეთიკის კოდექსის თემაა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ მედიას ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ეთიკურად სამედიცინო შემთხვევები. ამასთან, არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ადამიანის თვითგამოხატვის უფლება შეზღუდო. მსგავსი ქმედება თუ სამედიცინო საქმიანობას უშლის ხელს,  ისედაც აკრძალულია და დაწესებულების წარმომადგენლებს, შეუძლიათ პოლიცია გამოიძახონ,“-აღნიშნა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კლინიკების ასოციაცია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს და აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია, რომლის განხილვაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. წინადადებების თანახმად, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს. ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქმედება ათას ლარიან, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება. ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქცინირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას. მსგავს ქმედებებზე ასევე ფულადი სანქციები იქნება გათვალისწინებული.