„მიეცით ქალს გემოვნებიანი ფეხსაცმელი და მთელ მსოფლიოს დაიპყრობს“ - წერდა მერილინ მონრო. ცხადია, მოხდენილი და ხარისხიანი ფეხსაცმელი ყველას მოსწონს, თუმცა ასეთი ფეხსაცმლის შეძენა ჩვენში თანაბრად რთულია როგორც ქალისთვის, ასევე - მამაკაცისთვის.
ზოგჯერ პრესტიჟულ მაღაზიაში შეძენილი ფეხსაცმელიც კი ნაადრევად ცვდება და მომხმარებლის იმედს ვერ ამართლებს.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება:
თამარ გობეჯიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მყიდველი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველია: თუნდაც ტექნიკა რომ ავიღოთ, მისი შეძენისას მაღაზია საგარანტიო ხელშეკრულებას მაინც იძლევა და შეკეთების ვალდებულება აქვს. ფეხსაცმლის შეძენისას კი, არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს და მყიდველი მთლიანად გამყიდველზეა დამოკიდებული: თუ მაღაზია მოისურვებს და უხარისხო საქონელს გამოგვიცვლის, ხომ კარგი, თუ არადა, მყიდველი დაზარალებული რჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ჩვენთვის ძალიან ბევრ მომხმარებელს მოუმართავს: ეს ადამიანები ჩივიან, რომ ცნობილი ბრენდის, ძვირადღირებული ფეხსაცმელი შეიძინეს და ისეთი ხარისხისა არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი კვირის ნაყიდი, ძვირადღირებული ფეხსაცმელი გადამსკდარა და გაფუჭებულა. ასეთ დროს ჩვენი მაღაზიები იშვიათად იჩენენ სოლიდარობას კლიენტისადმი და მხოლოდ შეკეთებაზე თანხმდებიან.
-უხარისხო ნივთის უკან დაბრუნების უფლება როდის გვაქვს?
-ჯერ მომხმარებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ არაფერ შუაშია, რომ ფეხსაცმელი უხარისხო იყო და ამის გამო დაზიანდა. თუ ამას ვერ შეძლებს, მაღაზია დაზიანებულ ნივთს არავითარ შემთხვევაში არ დაიბრუნებს უკან. როგორც წესი, ამის დამტკიცება ძალზე რთულია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისთვის. ამიტომ, მაღაზიას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია თქვას, რომ პროდუქცია მომხმარებელმა დააზიანა.-და თუ სასამართლოს მიმართავს?
- ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაამტკიცოს საკუთარი უდანაშულობა, მაგრამ მომხმარებელთა 99,9 პროცენტი არ მიდის სასამართლოში და მაღაზია რჩება მოგებული. რატომ არ მიმართავენ ჩვენი მომხმარებლები სასამართლოს? - ყველამ იცის, რომ ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დროში გაწელილი პროცედურაა. მოქალაქეები დროის და ენერგიის ხარჯვას თავს არიდებენ, თორემ მოგების შემთხვევაში ყველა ხარჯის ანაზღაურება წაგებულ მხარეს ეკისრება: იქნება ეს ადვოკატის მომსახურება, თუ სხვა რამ... თუმცა, იმის გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ სასამართლო პროცესს მოიგებთ.-ყველაზე ხშირად რომელი მაღაზიების კლიენტები ჩივიან?
- ჩვენს ორგანიზაციაში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საჩივარი შემოსულა. ვინც მოგვმართავს, უხარისხო ნაწარმი ყველას ძვირადღირებულ და ბრენდულ მაღაზიაში აქვს შეძენილი. ადამიანი ნივთს ბაზრობაზე რომ ყიდულობს, კარგად იცის, რომ პროდუქცია იმ ხარისხისა არ იქნება, როგორიც ცნობილი ბრენდის ნაწარმია. როცა ადამიანი პრესტიჟულ მაღაზიაში მიდის და გაცილებით ძვირს იხდის, იმის იმედიც აქვს, რომ ხარისხიან ნაწარმს შეიძენს. ამიტომ, ძირითადად ძვირფასი მაღაზიების კლიენტები ჩივიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ საიმედო, მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს ყიდულობენ.-ქალბატონო თამარ, რატომ უნდა გაფუჭდეს ცნობილი ბრენდის ნაწარმი ერთ-ორ კვირაში, ან თუნდაც, 1-2 თვეში?
-პროდუქცია შეიძლება დაზიანდეს და ასეთი შემთხვევებისაგან არცერთი ფირმა დაზღვეული არ არის. სწორედ ასეთ დროს ჩანს ევროპული მიდგომა: დასავლეთში მომხმარებლის ინტერესი უპირველესი და უმთავრესია. იქაური მაღაზიები თავიანთ სახელს და ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდებიან, ამიტომ, თუ მყიდველს ნივთი არ მოსწონს, თუ მისი გამოცვლა უნდა, თავისუფლად უცვლიან, ამის პრობლემა ევროპის ქვეყნებში არ არის. სამწუხაროდ, ჩვენმა მეწარმეებმა ვერ გაითავისეს, რომ მომხმარებლის ინტერესების დაცვა ზარალს არ ნიშნავს, პირიქით, ასეთი მიდგომა პროდუქციის რეალიზაციასაც ზრდის და მეწარმის შემოსავალსაც.-რას ურჩევდით ქართველ მომხმარებელს - როგორ შეიძინონ ხარისხიანი და ლამაზი ფეხსაცმელი?
-შეუძლებელია რჩევის მიცემა იმ ქვეყანაში, სადაც მომხმარებელს კანონი არ იცავს. ვერავინ იტყვის, სად შეიძლება ვიყიდოთ ხარისხიანი პროდუქცია, რადგან პრესტიჟულ მაღაზიაში შეძენილი ნაწარმიც შეიძლება მალევე დაზიანდეს. შეცვლა გამორიცხულია, ერთადერთი, რასაც მაღაზიები კისრულობენ, შეკეთებაა. უკვე გითხარით, რომ ეს ვალდებულება კი არ არის, მაღაზიის კეთილი ნებაა. სწორედ ამიტომ, ქართველი მომხმარებელი მთლიანად მეწარმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.ხათუნა ჩიგოგიძე