სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. 17 მაისს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
„ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას - საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 7 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.