17 მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს.
როგორც კომპანია Wizz Air-დან იუწყებიან, შესრულდება ავიამიმოსვლა ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.
“ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას მოგზაურთათვის, რომელთაც აღნიშნულ პოპულარულ ქვეყნებში გამგზავრება სულ რაღაც 49,99 ლარად / 29,99 ევროდ შეეძლებათ. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.
Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერაციები 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 21 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოსა და ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით Wizz Air-ის მომხმარებელთა რიცხვი 51%-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერაციები მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას. ამას ადასტურებს ბოლო ათწლეულის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ხელი შეუწყო საქართველოს საავიაციო და ტურისტულ სექტორებში დასაქმების ზრდას და 2017 წელს 230-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.