კონკურენციის სააგენტომ „კურორტ საირმის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა არ დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ საირმის ტერიტორიაზე მოქმედი 6 ეკონომიკური აგენტის - სასტუმროთა მფლობელების საჩივარზე, რომელიც „კურორტი საირმის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენებას შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

მომჩივანთა პოზიციით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა მოპასუხის რამდენიმე ქმედებაში გამოიხატებოდა, მათ შორის: პარკის ტერიტორიაზე კონკურენტი სასტუმროების დამსვენებელთა და არსებული წყლის ბიუვეტთან დაშვების შეზღუდვა, დაშვებისთვის საფასურის დაწესება; საკურორტო პოლიკლინიკასა და სარელაქსაციო ცენტრში მომსახურების დისკრიმინაციული ფასების დაწესება და ა.შ.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წყლის ბიუვეტთან დაშვების პრობლემას ადგილი არ ჰქონია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად კი დადგინდა, რომ ხსენებული ტერიტორია/ობიექტები წარმოადგენს „კურორტი საირმის“ საკუთრებას, რომელიც მას 2011 წელს სახელმწიფოსგან გადაეცა. მოპასუხეს არ აქვს რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიით ნებისმიერ პირს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მისცეს. შესაბამისად, საჩივარში წარმოდგენილი ბრალდებების დაუსაბუთებლობის მოტივით, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმა გადაწყვიტა,“-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.