რა რეგულაციებისგან თავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოხელე

საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე გარკვეული რეგულაციებისგან თავისუფლდება.

ამის შესახებ მთავრობის 14 მაისის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობისა და საჩუქრის რეგულაციები.

მაგალითად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოხელეზე არ გავრცელდება შემდეგი რეგულაციები: საჯარო მოსამსახურე არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა, წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე; თავს არიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენად მის სამსახურებრივ საქმიანობაზე; უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებთანაც პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი აკავშირებს ან აკავშირებდა;

იღებს მხოლოდ კანონით ნებადართულ საჩუქარს და თავიდან ირიდებს ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე; მოხელის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ოდენობა მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს; ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება კი მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს არ აღემატება და ა.შ.

ცნობისთვის, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.