საქართველოში ვაკანსიების მონიტორინგი ჩატარდა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ევროკავშირის დახმარებით პირველად განახორციელა.
კვლევა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზანია, სააგენტოს მუნიციპალური ერთეულების ბაზაზე ევროკავშირში აპრობირებული ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის (vacancy monitoring) მეთოდის დანერგვა.
კვლევის შედეგების თანახმად, რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა. მათ შორის ის, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზეა; პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა შედარებით მაღალია რეგიონებში და კონკრეტული რეგიონის სპეციფიკის მიხედვით განსხვავდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგებით, შეუვსებელი ვაკანსიების უმრავლესობა პროფესიულ განათლებას მოითხოვს.
„უხეში განზოგადებით, დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას, 25% - პროფესიულ , 9% - უმაღლეს განათლებას ითხოვს, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც დამსაქმებლებს ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოექმნებათ. კერძოდ, კანდიდატებს ან არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგები და აკლიათ კვალიფიკაცია, ან რეგიონში გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალა არ არსებობს.
მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვაკანსიები შეუვსებელი რჩება, მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასებია. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები ზემოაღნიშნულის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ და ცდილობენ, რომ კანდიდატები დაბალი კვალიფიკაციით დაიქირაონ და ისინი სხვა რეგიონებიდან შეარჩიონ,“-აღნიშნულია კვლევაში.