ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში, რომელიც დღეიდან H&M-ის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს და ასევე მოლაპარაკების პროცესშია „ზარასთან“ და „ბენეტონთან“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, შპს “ემჯიემტექსის“ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა “აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მათივე ცნობით, კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. როგორც უწყებაში განმარტავენ, საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.
“ასეთი პროექტები პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძირითადად აქ ქალბატონები არიან დასაქმებულები, ასევე ეს არის კომპანია, რომლის ნაწარმიც ძირითადად ექსპორტზე გავა და ეს ძალიან წაადგება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შპს “ემჯიემტექს“ წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმო წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. მათივე განმარტებით, კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება, ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმო ქუთაისშია განთავსებული.
“ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 7 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით, საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტიორებთან დაკავშირებაში“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.