მათ, ვისაც მოგზაურობა ძალიან უნდა, თუმცა ზუსტად არ იცის, მცირე ბიუჯეტი როგორ გაანაწილოს, რჩევა აუცილებლად უნდა ჰკითხოს გამოცდილ მოგზაურებს,რომლებსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვთ ნანახი და დაბალი ბიუჯეტითაც უმოგზაურიათ.
ბილეთების, კვების, ტრანსპორტირებისა და დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს მკითხველს რეკომენდაციებს ორი გამოცდილი მოგზაური აძლევს.
თემო მაჩიტიძე წლებია აქტიურად მოგზაურობს. ის 24 წლისაა და უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი. ამბობს, რომ მაგალითად, კვიპროსზე 5 დღის განმავლობაში ცხოვრება იმდენად იაფი - 150 ევრო დაუჯდა, თვითონაც გაოცებული დარჩა. ყველაფერთან ერთად, სუვენირებიც კი შეიძინა.
სეზონი
„მართალია, არსებობს ადგილები, სადაც იაფად ვერასდროს ვერ ვიმოგზაურებთ, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურიად დაბალი ფასების პოვნა მაინც შეიძლება მოხერხდეს. ზოგადად, შემოდგომის ბოლო, ზამთარი და გაზაფხულის პირველი ნახევარი ყველაზე იაფი სეზონებია, თუმცა პერიოდის არჩევა აქაც საჭიროა და ქვეყანასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს, როცა შობაა და იანვრის დასაწყისში უკვე ახალი წელი, მოგზაურობა ყველაზე ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია. შობა-ახალი წლის პერიოდში ყველა სადღაც - ზოგი ოჯახთან, ზოგი პირიქით, ოჯახისგან შორს მიდის, რაც ფასების აწევას იწვევს.
დაბალი ფასები დამოკიდებულია იმაზეც, თუ ტურს რამდენი ხნით ადრე ვგეგმავთ. ზოგადად, ადრე დაგეგმვა კარგია, თუმცა ზედმეტად ადრეც არ ვარგა, მქონია შემთხვევა, როცა ნაადრევად ნაყიდი ბილეთი ნახევარ ფასში მინახავს, რაც არც ისე კარგი შეგრძნება იყო,“ - ისხენებს ის.
თემო მაჩიტიძის თქმით, კარგი ავიაკომპანიის შერჩევაში ვებ-გვერდი kiwi.com ეხმარება, თუმცა აქ ბილეთები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდებზე, შესაბამისად, kiwi.com-ს უფრო მარშრუტების დასაგეგმად იყენებს, ვიდრე ბილეთების შესაძენად.
„უკვე არსებული პირდაპირი რეისების შედარებით იაფად პოვნა momondo.com-ზეა შესაძლებელი. საცხოვრებლად ყველაზე იაფი და კარგი ვარიანტების პოვნა couchsurfing.com-ზე შეიძლება, ყველა ქვეყანაში მოიძებნება არაერთი ადამიანი, ვისაც სახლში ზედმეტი საწოლი უდგას და უსასყიდლოდ უზიარებს სხვებს“ - აღნიშნავს ის.
თუ სახლში სადილის მომზადებაში დროის დაკარგვა არ გსურთ, თემო მაჩიტიძის გამოცდილებით ყველაზე კარგი ვარიანტია სწრაფი კვების ობიექტები, კერძოდ, „მაკდონალდსი,“ სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში საკვები ყველაზე იაფად იყიდება.
26 წლის ნათია დემეტრაშვილი უკვე 5 წელია მოგზაურობს და 10 ქვეყანაშია ნამყოფი, დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის კარგი გამოცდილებაც დააგროვა და მზადაა, რჩევები დამწყებ მოგზაურებს გაუზიაროს.
ბილეთების შეძენა
ნათიას განმარტებით, არსებობს გავრცელებული "რჩევა", რომ ავიაკომპანიის ბილეთებს რაც უფრო ადრე იყიდი, თანხებს უფრო დაზოგავ, ამიტომ ხშირად 4-6 თვით ადრე იძენენ ხოლმე ბილეთებს. თუმცა, მისი დაკვირვებით, იგივე ბილეთები, იმავე თარიღსა და მიმართულებაზე 4-6 კვირით ადრე უფრო იაფია. გარდა ამისა, ტურისტულ სეზონზე, მაგალითად, ზაფხულში დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა შეუძლებელია.