საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესაძლო დარღვევაზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„2018 წლის 16 მაისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება სახელმწიფო ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის მოთხოვნის შესაბამისობას კონკურენციის კანონმდებლობასთან,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას გულისხმობს.