მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ნედლი ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 3,5 წლის მაქსიმუმია.
გაზრდილია ბენზინის ღირებულებაც, "პლატცის" მიხედვით 1 ტონა 740 დოლარი ღირს, ხოლო დიზელი – 690 დოლარი. შექმნილი მდგომარეობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოში 1 ლიტრი "პრემიუმისა" და "სუპერის" ფასი 3 ლარს მიაღწევს.
ნავთობის ფასი 42-თვიან მაქსიმუმზეა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთი ბარელის ღირებულებამ უკვე გადააბიჯა 80 დოლარს და, წინა თვესთან შედარებით, 9%-ითაა მომატებული. მას შემდეგ, რაც ირანი ნავთობის ექსპორტს შეამცირებს, შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება. სააგენტო წერს, რომ აშშ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, რაც ნავთობს დაახლოებით 4%-ით კიდევ გააძვირებს. სანქციების შესაძლო დაწესება ბირთვულ შეთანხმებას უკავშირდება.
ეკონომიკურ საკითხებში ავტორიტეტული გამოცემების პროგნოზი არასახარბიელოა. მაგალითად, "სიენენ მანი" ამერიკის ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარი იქნება. ზრდის მიზეზებად ბანკი ვენესუელაში ნავთობის წარმოების კოლაფსსა და ირანში ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ შეფერხებას ასახელებს. "ბლუმბერგი" აღნიშნავს, რომ ნავთობზე ფასის ზრდა ოჯახების შემოსავალზე აისახება და მომხმარებლების დანახარჯს გაზრდის, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავლენა განსხვავებული იქნება. ამ კუთხით განსაკუთრებული პრობლემა ევროპაში შეიქმნება.
გაძვირებას ვარადუობენ საქართველოშიც. "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი საწვავის ფასის მატების ტენდენციის გაგრძელებას ელის. მისი თქმით, პროცესების ამგვარი გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ერთი ლიტრი საწვავის ფასმა 3 ლარსაც კი მიაღწიოს.
"ყველა ელოდებოდა, რომ ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. დაანონსებულიც იყო, რომ ის 80-100 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა. ზრდის რაოდენობა პროცენტულად საკმაოდ დიდია, შესაბამისად, მოიმატებს ფასიც. ზუსტი პროგნოზირება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ თუ ამ დინამიკით განვითარდა მოვლენები და 1 ბარელი ნავთობი 100 დოლარამდე ავიდა, გამოდის, რომ საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს მიაღწევს. საწვავის გაძვირება პროპორციულად გამოიწვევს ყველა ტიპის ნავთობპროდუქტის გაძვირებას.
შეუძლებელია, ეს ცვლილება არ აისახოს მთლიან ბაზარზე. ტრანსპორტი ფიზიკურად ვეღარ გაუძლებს ამჟამინდელი ტარიფით მუშაობას. შესაბამისად, რაც ტრანსპორტზეა მიბმული, თვითღირებულება ყველა მიმართულებით გაიზრდება. რასაკვირველია, საბოლოოდ პროდუქტის ფასი მოიმატებს. ასეთი ცვლილების შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებელიც მაღლა წავა და სამომხმარებლო კალათის ღირებულებაც შესაბამისად გაჰყვება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯაბა თარიმანიშვილმა.
განსხვავებულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვხატანგ იობაშვილის პროგნოზი. მისი აზრით, ადგილობრივ ბაზარზე ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
"საბოლოო ჯამში, ყველაფრის საფუძველი მაინც პოლიტიკაა, იგი ასახვას ჰპოვებს აბსოლუტურად ყველა სფეროზე. როგორც კი იძაბება სიტუაცია ამერიკასა და ირანს შორის, შეუძლებელია, ამის მიღმა დარჩეს ნავთობის ფასი. ბიზნესისთვის ყოველთვის მშვიდი და სტაბილური გარემო სჯობს.
საქართველოში არავითარი ბუნებრივი რესურსი არ გვაქვს ამ მხრივ, ყველაფერს ვყიდულობთ და როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ქართულ ფასებზეც. ძალიან მარტივი ფორმულაა, როცა რამეს ძვირად ყიდულობ, ძვირადაც ყიდი, თუმცა მე დიდ ცვილებას არ ვვარაუდობ. მერწმუნეთ, ასეთია პროგნოზი რაციონალური დაკვირვების შედეგად.
ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და დავაკვირდეთ, სადამდე მივა "პლატცის" ღირებულება და რა ნიშნულს მიაღწევს ნედლი ნავთობის ფასი. მოგეხსენებათ, ორივე დაკავშირებულია ერთმანეთთან. იმპორტიორი კომპანიების ინტერესი ნამდვილად არ არის ფასის ზრდა, რადგან ეს მოხმარებელს ყოველთვის ამცირებს და არავის სურს ნაკლები მოგების მიღება.
ჯერჯერობით სწორედ ეს გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რომ კომპანიებისთვის მყისიერად ფასის ზრდა არახელსაყრელია. როგორც კი ღირებულება მატულობს, ჩნდება მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და მყიდველი შეამცირებს მოხმარებას", - ამბობს "რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას და ამ ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს განუახლებს.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"