რა ქონებას ფლობენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეები, რომელთა ანაზღაურებაც „პრეზიდენტის ხელფასს სამჯერ აღემატება“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვს.

მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება პრეზიდენტის ხელფასს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეთა ანაზღაურება და მათი ქონებრივი მდგომარეობა.

როგორც მათ მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის როგორც კომისიის წევრის წლიური ანაზღაურება 2016 წლის განმავლობაში 233 988 ლარი იყო, რაც თვეში 19 499 ლარი გამოდის. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას ანაზღაურება 2016 წელს 165 604,6 ლარი იყო, რაც თვიურად - 13 800,4 ლარი გამოდის. შედარებისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანაზღაურება 2016 წელს 82 800 ლარი იყო, რაც თვეში 6 900 ლარი გამოდის. პრემიერ-მინისტრის წლიური ანაზღაურება კი 2016 წელს 51 369,57 ლარი იყო, რაც თვიურად 4 280,8 ლარს შეადგენს.

2017 წლის 1-ელ მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ფლობს, 578 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ; 65 კვ.მეტრის და 73,2 კვ. მეტრის ბინებს თბილისში; 44,05 კვ მეტრი ფართობის ბინასა და 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 12 050,59 გირვანქა სტერლინგი, 3 516,46 ევრო, 29 355,11 ლარი და ჯამში, 109 236,04 დოლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს შპს „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იან; შპს „მეგაპოლის კლასიკის“ 40%-იან; შპს „რითეილ ფროფერთიზის“ 25%-იან და შპს „სხვა არხის“ 100%-იან წილს.

მისი მეუღლე ეკა ბერიძე ფლობს, 92,3 კვადრატული მეტრის, 60 კვ. მეტრის, 21 კვ. მეტრის ბინებსა და 9,8 კვ.მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; მას ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV4. ბერიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, - 29 120,28 ლარი, 20 048,87 დოლარი და 18 045,97 ევრო ჰქონდა. ამასთან, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე - 303 575 ლარი იყო.

რაც შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, 2017 წლის 30 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირინა მილორავა ფლობს, 72 კვადრატული მეტრისა და 143,1 კვ. მეტრი ფართობის ბინებს თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - ჯამში, 2 052.15 ლარი ჰქონდა.