„ჩვენ არ დავთმობთ, მეურნეობას გავაგრძელებთ, ეს იქნება იგივე ადგილას თუ სხვაგან, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერმა თეა ქუთათელაძემ განუცხადა, რომელმაც 2 მეგობართან ერთად მარნეულის რაიონში ბიომეურნეობა გააშენა.
საქმე ეხება ავტომაგისტრალს, რომელიც სწორედ იმ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, სადაც ფერმერებს ბიოპლანტაცია აქვთ გაშენებული. თეა ქუთათელაძე აცხადებს, რომ აქ ავტომაგისტრალის გაყვანა მათ ბიზნესს დააზარალებს. ამიტომ ფერმერები ითხოვენ, რომ ან გზის მონაკვეთის შეცვლა მოხდეს, ან ადგილმონაცვლეობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეს ერთ კვირაში გაირკვევა.
ავტომაგისტრალის გაყვანასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე თეა ქუთათელაძემ თავდაპირველად „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „სამი ფერმერი ქალის პლანტაცია საფრთხეშია!!! პლანტაციას გვართმევენ! სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ბიო პლანტაცია საბოლოოდ გაუნადგუროს და წაგვართვას ეს ბიზნესი!!!.
გზების დეპარტამენტში ვიყავით შეხვედრაზე. ჩვენი თხოვნა იყო, თუ გზას ვერ გადაწევდნენ საგრძნობლად, რომ პლანტაცია საბოლოოდ არ გაფუჭებულიყო, ადგილმონაცვლეობა გაეკეთებინათ. ბოლომდე არ გვინდოდა მაშინ ეს დაგვეჯერებინა, რომ სახელმწიფო ასე გაგვიმეტებდა სამ ფერმერ ქალს, რომლებმაც მართლაც რომ გადატრიალება მოვახდინეთ, საოცარი პლანტაცია გავაშენეთ, ავიყოლიეთ უამრავი ადამიანი, უამრავ ადამიანს გაუჩნა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა და საქმე ექნებოდა“, - წერს თეა ქუთათელაძე.
ფერმერი ქალები გზების დეპარტამენტში შეხვედრაზე დღესაც იყვნენ. როგორც თეა ქუთათელაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მათ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ ერთი კვირის ვადაში შეატყობინებენ, გზა მათ მეურნეობაზე გავა თუ არა.
„ჩვენ შევხვდით გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. მან მოისმინა ჩვენი მოთხოვნები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ბიომეურნეობას ხელი არ შეეშალოს, ანუ გვქონდეს საშუალება, რომ მაქსიმალურად გადაიწიოს მაგისტრალმა, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ადგილმონაცვლეობას მოხდეს. მოადგილე დაგვპირდა, რომ ერთი კვირის ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილება და გვეტყვიან. იქ თუ გზამ გაიზარა, ბიომეურნეობა კი არა, ისე მეურნეობაც არ გამოვა. ავტომაგისტრალთან მოყვანილ მოსავალს არავინ შეიძენს. ჩვენ დარეგისტრირებული ვართ ბიომეურნეობა, გათვლა გვაქვს ექსპორტზე, უკვე შემსყიდველებიც კი გვყავს. ახლა კი საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.
პრობლემა და მთავარი კიდევ ისაა, რომ გზების დეპარტამენტს არ ჰქონდა კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გზა რომ გადიოდა, ამას ხომ ერთ თვეში ვერ გადაწყვეტდნენ. მაშინ სოფლის მეურნეობის პროგრამამ რატომ დაგვაფინანსა? მივიღეთ ნერგები, წვეთოვანი, „აწარმოე საქართველოც“ მოვიგეთ, ის ფულის ხომ ტყუილად დაიხარჯა, ეს ხომ ხალხის ფულია. ჩვენ არ დავთმობთ, მეურნეობას გავაგრძელებთ, ეს იქნება იგივე ადგილას თუ სხვაგან, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ თეა ქუთათელაძემ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ფერმერების მოთხოვნებს შეისწავლიან და ერთი კვირის ვადაში მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებასაც აცნობენ.
3 ფერმერმა ქალმა მარნეულის რაიონში კენკრის ბაღი 2017 წელს გააშენა. ფერმერებმა 7 ჰექტარ მიწაზე 17 000 ძირი ჟოლო და 10 000 ძირი მაყვალი დარგეს. პირველ მოსავალს მეგობრები ივნისის თვეში ელოდებიან.
ელზა წიკლაური