ივლისის თვეში, თბილისში აღსაზრდელებს 40 საბავშვო ბაღი მოემსახურება , - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების ფუნქციონირებისთვის წელსაც მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი.
“ივლისის თვეში აღსაზრდელებს სერვისებს 40 ბაღი მიაწოდებს. რეგისტრაცია 24 მაისს, 12.00 საათზე დაიწყება ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.je 40-ვე ბაღი იქნება სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ჩვენმა აღსაზრდელებმა შესაბამისი საჯარო სერვისები მიიღონ. 40 ბაღი გადანაწილებულია ტერიტორიული პრინციპის მიხედვით და თბილისის ყველა რაიონში იფუნქციონირებს ბაღები”, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება სექტემბრისთვის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციას, იგი ასევე ჩვენს ვებგვერდზე მოხვდება და ივნისის თვეში დაიწყება.
გვანცელაძის თქმით, საბავშვო ბაღებში ბავშვების საყოველთაო რეგისტრაციის გამოცხადების დრო უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
გასულ წელს საზაფხულო ბაღებით 13 ათასმა აღსაზრდელმა ისარგებლა.