სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურებით არის აბსოლუტურად ჯანსაღი პრინციპი და ვფიქრობ, ეს აუცილებლად იქნება იმის საფუძველი, რომ საბანკო სისტემა და ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტები კიდევ უფრო გაჯანსაღდება , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძე ამბობს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნულ წესს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
"ეს არ არის რეგულაცია, ეს არის ის დროებითი წესი, რომელიც ამოქმედდა და შემოსავლის შეფასების გარეშე სესხების გაცემის ლიმიტს გულისხმობს. მიდგომა არის ასეთი, რომ სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის შემოსავლის შეფასება მოხდება. ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი პრინციპი სესხების გაცემის შემთხვევაში და ვფიქრობ, ეს აუცილებლად იქნება იმის საფუძველი, რომ პორტფელი, რომელიც ახლაც საკმაოდ კარგია საბანკო სისტემის და ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტების, კიდევ უფრო გაჯანსაღდება. რაც შეეხება გავლენას, შესაძლებელია მოკლევადიან პერიოდში ამას გარკვეული გავლენა ჰქონდეს, რაც შეეხება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდს, ამას აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება. კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლიანი დამფინანსებლის პრინციპებიდან გამომდინარე, რომლის დაანონსებაც ჯერ კიდევ პირველ მარტს გავაკეთეთ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა, სესხების გაცემა უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლების შეფასების დადასტურების შემთხვევაში,"- განაცხადა გვენეტაძემ.