დონალდ ტრამპი გერმანიას დაჟინებით მოუწოდებს, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე.
ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს ჰქონდა მცდელობა გადაერწმუნებინა მერკელი პროექტის მხარდაჭერისგან, მერკელის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რომელიც აპრილში გაიმართა. მაშინ ტრამპი დაჰპირდა მერკელს, რომ ამის სანაცვლოდ დაიწყებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მერკელს გაზსადენის მშენებლობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ამერიკას შესთავაზოს „მეტად მჭიდრო თანამშრომლობა“ გაზის სფეროში, თუ ამერიკა უარს იტყვის ევროკავშირისთვის რკინასა და ალუმინზე გადასახადის დაწესებაზე.
ცოტა ხნით ადრე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული პოლიტიკის ხელმძღვანელის მოადგილემ სანდრა უიდრიკმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს სანქციების დაწესებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის რეალიზებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ ეცდება ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, დიპლომატიური გზებით არ მოხდეს ამ პროექტის რეალიზება.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასწვრივ.
კოკა კვირკველია