სისტემა, რომელიც დაინერგა, უნიკალურია ამიერკავკასიაში , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქაერონავიგაციაში“ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნის კომენტირებისას განაცხადა.
"დღეს „საქაერონავიგაციას“ ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ასევე იმ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. როცა ტრანზიტზე ვსაუბრობთ, ძალიან იშვიათად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ გადამფრენ ტრაფიკზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავზე ხდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ გადაფრენებიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სისტემა, რომელიც დაინერგა, არის უნიკალური ამიერკავკასიაში, გამომდინარე იქიდან, რომ აქვს სამმხრივი დაცვის მექანიზმი. თუ მაგალითად უბედური შემთხვევის დროს თბილისი მთლიანად გაითიშა, ქუთაისს ექნება შესაძლებლობა სრულად მოახდინოს სისტემის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირება. 32 მილიონი ლარის ინვესტირება არის განხორციელებული ჯამურად მთელ სისტემაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს გავხსენით. ეს არის 3D სიმულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთი მხრივ, რომ ჩვენი ავიამეთვალყურეები გადავამზადოთ, რაშიც ჩვენ მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავდით და გარდა ამისა, სამომავლოდ, გავხადოთ ეს ცენტრი უკვე რეგიონულ სასწავლო ცენტრად და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიყვანოთ ავიამეთვალყურეები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა და სასწავლო ცენტრი გახსნა.