თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს სამართალდამცველი სისტემისთვის.
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ დიდი გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.