ფრანგი მილიარდერები ყველაზე სწრაფად მდიდრდებიან

მილიარდერების გამდიდრების კუთხით მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით საფრანგეთმა ყველას აჯობა. ფრანგი მილიარდერების ქონება ამ პერიოდის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა.

როგორც „ბლუმბერგი“ „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით წერს, საფრანგეთის 13 მილიარდერის ქონება 27,6 მილიარდით არის გაზრდილი. კაპიტალის ზრდის ტემპებით ფრანგებმა აჯობეს იაპონელებს, ჩინელებს და ამერიკელებს, რომლებიც ნაკლები ტემპებით მდიდრდებოდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, ყველაზე სწრაფი ტემპით გამდიდრდა ბერნარ არნო და ფრანსუა პინო, რომლებიც ორივე ერთად მხოლოდ ხუთ თვეში 22,3 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. არნო 76,4 მილიარდი დოლარის კაპიტალით LVMH-ის ხელმძღვანელია, რომელიც თავის მხრივ ფლობს ისეთ ბრენდებს როგორებიცაა Louis Vuitton, Moet, Hennessy, Dior, Givenchy, Kenzo, Bulgari, Hublot. ხოლო 81 წლის პინო, რომლის ქონებაც შეფასებულია 35,5 მილიარდ დოლარად, Kering-ის ხელმძღვანელია, რომელსაც თავის მხრივ ეკუთვნის ისეთი ბრენდები როგორიცაა Gucci, Yves Saint Laurent, Brioni, Puma, ასევე სააუქციონო სახლი Christie's ლონდონში.

ამ ადამიანების გამდიდრების მიზეზი ლუქს კლასის ბრენდებზე გაზრდილი მოთხოვნაა ჩინეთში, ასევე ელექტრონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი განვითარება. ჯერ კიდევ აპრილში „ბლუმბერგმა“ არნო ევროპის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, მაშინ მისი ქონება შეადგენდა 70,7 მილიარდ დოლარს. მან მაშინ ესპანელ ამანსიო ორტეგას გაუსწრო, რომელიც გახლავთ „ინდიტქსის“ ხელმძღვანელი.

2,4 მილიარდით გამდიდრდნენ ასევე Chanel-ის მფლობელები ძმები ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები, 3,7 მილიარდით საფრანგეთის უმდიდრესი ქალი L'Oreal-ის მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი.

რაც შეეხება დანაკარგებს, ამავე პერიოდის განმავლობაში 2,6 მილიარდი დოლარი დაკარგა გაზეთ Le Monde-ისა და ფრენკ სინატრას სიმღერის My Way-ზე უფლებების მფლობელმა ქსავიერ ნილმა.

კოკა კვირკველია