ვიდეო-თამაშების ბიზნესში ჩინელები ლიდერობენ

ვიდეო-თამაშების ბიზნესში ჩინური კომპანია Tencent ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. ამის შესახებ „ფორბსი“ კვლევითი კომპანია Newzoo-ზე დაყრდნობით წერს.

ჩინურმა გიგანტმა 2017 წლის განმავლობაში შეძლო 18 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება, მაშინ როცა მეორე ადგილზე მყოფმა იაპონურმა Sony-იმ მხოლოდ 10,5 მილიარდის შემოსავალი აჩვენა. ამავე რეიტინგში მესამე ადგილზეა ამერიკული Apple, რომლის შემოსავლები ვიდეო-თამაშების ბიზნესში 8 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Tencent-მა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ვიდეოთამაშების სექტორში, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი თამაშის შემქმნელი პირდაპირი მნიშვნელობით შეისყიდა. 2011 წელს მან შეიძინა წილი Riot Games-ში, 2012 წელს Epic Games-ში. ამას მოჰყვა CK Games-ი და Robot Entertainment-ი 2015 წელს. ეს არ არის სრული ჩამონათვალი მათი შენაძენისა. შესყიდვებზე კომპანია არ შეჩერდა და აპრილში საკუთარი სათამაშო მოედანი შექმნა, სადაც შესაძლებელია თამაშების შეძენა და მათთან დაკავშირებული დამატებითი კონტენტის ყიდვა. საუბარია Steam-ის ჩინურ ანალოგზე WeGame.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2022 წლისთვის ჩინეთში ვიდეო-თამაშების შემოსავლები 42 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ჩინეთში ამ დროისთვის 600 მილიონი გეიმერს ითვლიან, ამათგან ნახევარზე მეტი ონლაინ თამაშებს თამაშობს პერსონალურ კომპიუტერზე, რაც ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან მოთამაშედ აქცევს ამ ბაზარზე. ამას გარდა, ჩინეთი ლიდერია მობილური გეიმინგის სფეროშიც. ამ რეგიონზე მოდის მობილური თამაშების მსოფლიო შემოსავლების 25%.

კოკა კვირკველია