ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოტრასის მოწყობის საკითხი ჯერჯერობით იდეის დონეზე რჩება.
ველო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი კომპანია „ივერია მოტორსს“ ეკუთვნის, რომელსაც ფრანგულ კომპანია SMOOVE-თან ერთად 35 კილომეტრიანი ველოტრასა უნდა მოეწყო.
როგორც „ივერია მოტორსის“ წარმომადგენელი კონსტანტინე შერვაშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ველოტრასის მოწყობის საკითხი შეჩერებულია, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ინტერესი აღარ გამოუჩენია.
„გვქონდა იდეა, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია. გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, წინაპირობები, მაგრამ შემდეგ ამას გაგრძელება არ ჰქონდა. ოფიციალურად ხელისუფლებისთვის არ მიგვიმართავს. ფრანგული მხარე მზად იყო, რომ პროექტი დაესპონსორებინა. მაგრამ, თუ ნება არ არსებობს, არაფერი გამოვა. საუბარი იყო ტერიტორიის გამოყოფაზე, ბიუჯეტზე, რაშიც სახელმწიფოს ჩარევა და აქტიურობა იყო საჭირო. თავიდან სურვილი ჰქონდათ და შემდეგ, როგორც ჩანს, ინტერესი დაკარგეს. სამომავლოდ თუ შემოგვეხმიანებიან, არვიცი. მათ იციან, რა იდეა გვქონდა, ზოგადი ინფორმაცია მივაწოდეთ და თუ დაინტერესდებიან, ჩვენ ისევ მზად ვართ“, - აღნიშნავს შერვაშიძე.
მისივე თქმით, მთავარი გათვლა, რაც ველოტრასის მოწყობას ჰქონდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება იყო.
„ტურისტული ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა რომ დაიწყო, ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას იდეა იმიტომ მივაწოდეთ. გათვლა იყო ტურისტებზე, იაფ მგზავრობაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და ა.შ. თავდაპირველად ველოტრასა, ველოსადგომები მოეწყობოდა, 100 ველოსიპედი იქნებოდა, შემდეგ უკვე ინტენსივობიდან გამომდინარე მათი რაოდენობაც გაიზრდებოდა. ტურისტული მიმართულებით, იდეა საკმაოდ კარგი და მნიშნელოვანია“, - განმარტავს კონსტანტინე შერვაშიძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე მერიისთვის არავის მიუმართავს.
„ეს იყო მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე იდეის დონეზე, ხოლო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებით არავინ შემოსულა. არც მაშინ და არც შემდეგ, ოფიციალურად სურვილი არავის გამოუთქვამს. ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნული პროექტი არ განხოციელდება. ამ ეტაპზე წინადადება შემოსული არ არის“, - აცხადებენ მერიაში.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ხელისუფლება დამოუკიდებლად ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოსტრასის მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში მსგავსი პროექტი დაგეგმილი არ არის.
„ამ ეტაპზე ზუგდიდში მიმდინარეობს წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 150 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2019 წელს დასრულდება, რის შემდგომაც დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოტრასის მოწყობის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ დოლარამდე იყო. რაც შეეხება ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად ველოტრასა უნდა გაეკეთებინა, მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში ველოსიპედების გაქირავების ტერმინალები აქვს მოწყობილი. კომპანია 2008 წელს შეიქმნა, დიზაინის შემუშავების, დამზადების, მონტაჟის და ავტომატიზებული ველო-გაქირავების სისტემის კონტროლის და მათი ტექნიკური მომსახურების, მართვისა და დამატებითი ველოსერვისის შექმნის მიზნით.
თეონა კენჭიაშვილი