"საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ფინური განათლების გარკვეული ელემენტები იქნება ინტეგრირებული", - ამის შესახებ Allnews.ge-ს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა განუცხადა.
ლია გიგაურის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს რამდენჯერმე შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ფინელი ექსპერტები ჩაერთვებოდნენ.
"როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის 12 ნაბიჯის პრეზენტაცია მოახდინა, იქ აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება ფინური განათლების გარკვეული ელემენტები, მოხდება მათი შერწყმა ჩვენს ეროვნულ მოდელთან, რა თქმა უნდა,
ეს არანაირად არ გულისხმობს რაიმეს პირდაპირ გადმოტანას, ჩვენ ვმუშაობთ განათლების სისტემის განვითარების ეროვნულ მოდელზე. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს და შეთანხმდნენ, რომ ჩვენთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებოდნენ ფინელი ექსპერტები და ერთობლივად იმუშავებდნენ ახალი კონცეფციის განვითარებაში, რომელიც ჩვენ უკვე, ფაქტობრივად, სამუშაო ვერსიის ფორმით შევქმენით და ასევე შეთანხმება მოხდა ფინური განათლების სისტემისთვის დამახასიათებელი საუკეთესო ელემენტების დანერგვასა და ადაპტირებასთან დაკავშირებით,- აღნიშნა ლია გიგაურმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კონკრეტულ დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, რადგან, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი ჯერ დამოუკიდებლად მუშაობს და პროცესში ფინელი ექსპერტები მოგვიანებით ჩაერთვებიან, თუმცა ლია გიგაურის თქმით, პრინციპებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
"მოგეხსენებათ, რომ დღეს საერთაშორისო შეფასებებში ფინური განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული გახლავთ ანუ შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს, შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო ამ სისტემის იმ გარკვეულ ელემენტებზე აქცენტირება, რომელმაც მოკლე დროში სისტემას საგრძნობი პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა.
რა თქმა უნდა, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან სამუშაო ჯგუფი ჯერ დამოუკიდებლად მუშაობს და მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთვებიან ფინელი ექსპერტები, მაგრამ პრინციპებზე ვართ შეთანხმებული. პრინციპი გახლავთ მთავარი დამახასიათებელი ინტერდიციპლინური და მულტიდისციპლინური მიდგომა, მოსწავლეზე ორიენტაცია ინდივიდუალური მიდგომით, სააზროვნო უნარების განვითარება და განსაკუთრებულად დაწყებით საფეხურზე სწორედ ამ მულტიდისციპლინური მიდგომის ისე დანერგვა, რომ ერთი ფენომენი სხვადასხვა კუთხით დისციპლინის იყოს განხილული და ისე ვასწავლოთ ბავშვებს.