ქართული ხორბლის პური „მზეთამზე“ სამი წელია ქართულ ბაზარზე იყიდება.
მთავარი ხიბლი ის არის, რომ პური ქართული ხორბლისგან მზადდება. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ ნაჭყებია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, უახლოეს მომავალში „მზეთამზეს“ ბრენდის ქვეშ ხორბალი და ფქვილი ექსპორტზე გავა, პური კი „ფრანჩაიზით“ გერმანიასა და ჩეხეთში გამოცხვება.
„გვაქვს უკვე საერთაშორისო კონტაქტები. ისინი ელოდებიან ხორბლის საკმარის რაოდენობას როდის მოვიყვანთ, რომ ფქვილი ექსპორტზე გავიტანოთ. ზაფხულში დიდ მოსავალს ველოდებით. ჯერ ქართველ მომხმარებელს სრულად მივაწვდით პურს, ქართულ ბაზარს ავითვისებთ და როცა ხორბლის ფქვილი მოგვეჭარბება, ექსპორტზე გავიტანთ.
რაც შეეხება პურს, ტექნოლოგია შეიძლება გავიტანოთ. „ფრანჩაიზის“ მთხოვნელები გვყავს ჩეხეთიდან, რომლებსაც პრაღაში ჩვენი ანალოგიური, პურის საცხობი ქარხნის გაკეთება უნდა. თუმცა ჯერჯერობით ფქვილი საკმარისი რაოდენობის არ გვაქვს, რომ მათ მივაწოდოთ და ცხობა დაიწყონ. ასევე, გერმანიაში არიან „ფრანჩაიზით“ დაინტერესებული და ჩვენი ტექნოლოგიით პურის გამოცხობით.
საქართველოში 14 განსხვავებული ხორბლის ჯიშია, აქედან 6 ენდემური. ეს ჯიშები კოლბაშია შენახული. ჩვენი ინიციატივით, რამდენიმე მათგანი უკვე გამრავლდა. მომავალში უფრო ბევრი ხორბალი გვექნება და რაოდენობას გავზრდით, ახალ ასორტიმენტსა და ახალი რეცეპტებით დამზადებულ პურსაც დავამატებთ. გვყავს ფერმერები, რომლებიც თესავენ ქართულ ხორბალს, ამრავლებენ და ჩვენ გვაწვდიან. გვინდა, რომ ფერმერების რაოდენობა გაიზარდოს“, - აღნიშნავს ნაჭყებია.
მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ საექსპორტო ბაზრებად, სადაც ქართული ხორბლის ფქვილი გავა, რუსეთი, იტალია და უკრაინა მოიაზრება. ამასთან, მისი თქმით, „მზეთამზე“ 10 სახეობის პურს აცხობს და რეცეპტები უნიკალურია.
„ვმუშაობთ უძველესი ქართული ჯიშის „წითელი დოლის“ ხორბალზე და მისგან პურის წარმოებაზე. ასევე, ქართული ჯიშის ლომთაგორას ხორბალზე. გვაქვს საქართველოში მოყვანილი ჭვავი, რომელიც უნიკალურია. მსგავსი რეცეპტით ქვეყანაში პური ნაკლებად ცხვება. პურს მთლიანად ქართული ხორბლის ფქვილისგან და პურის დედის ტექნოლოგიის სრული ციკლის გავლით ვაცხობთ. ფერმერებისგან ვყიდულობთ ნატურალურ ხორბალს. ფქვილი ყოველგვარი დანამატების გარეშეა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, სურნელოვანი და გემრიელია“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.
რაც შეეხება კონკურენციას ქართულ ბაზარზე, „მზეთამზეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, რომ გამოწვევები არის და ქართული პროდუქციის იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია მარტივი არ არის.
„კონკურენცია მარტივი არ არის, არის გარკვეული გამოწვევები. იმპორტირებული პროდუქცია დაბალფასიანია და ყველა ქართულ ბიზნესს ხელს უშლის. ისინი ხარისხზე ნაკლებად ორიენტირებულები არიან, თუმცა დაბალი ფასით შემოდიან და ამით მომხმარებელს იზიდავენ. დღევანდელ ეკონომიკურ სიტუაციაში, ბაზარზე ქართულ ხარისხიან პროდუქტს თავის დამკვიდრება უჭირს. ასევე, ბევრი ქართული კომპანია პურს იმპორტირებული ხორბლით აცხობს. ჩვენ მსგავს პროდუქციას სერიოზულ კონკურენციას ვუწევთ“, - აცხადებს ნაჭყებია.
მისივე ინფორმაციით, „მზეთამზემ“ ბოლო პერიოდში კერძო შეკვეთები და სპეციალური კლიენტებისთვის ადგილზე მიტანის სერვისი გაააქტიურა.
ამასთან, „მზეთამზე“ ქართველი ფერმერების წახალისებას ცდილობს, რომ მათ ქართული ხორბალი მოიყვანონ: „ქართული ხორბალი ექსპორტზე ათჯერ უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ის არაქართული ჯიშის ხორბალი, რომელსაც ქართველი გლეხი ჰყიდის. მაგალითად, 1 კილოგრამი ხორბალი 30 თეთრი რომ ღირს, ექსპორტზე 3-5 ლარი ეღირება. ეს ფერმერისთვის ძალიან კარგი მოტივატორია, რომ ქართული ჯიშის ხორბალი დათესოს, ნატურალურად მოიყვანოს და ათჯერ უფრო ძვირად გაყიდის“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.
ქართული ხორბლის პურის კომპანია „მზეთამზე“ 2015 წელს დაფუძნდა. ნატურალური ქართული პური თავდაპირველად ერთ მაღაზიაში იყიდებოდა. დღეს კი დიდ სავაჭრო ცეტრებში - „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „ფრესკო“, „ევროპროდუქტები“, „ეკონომმიქსი“ იყიდება.
თეონა კენჭიაშვილი