მას შემდეგ, რაც ბანკებს შეეზღუდათ კრედიტის გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე, ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობაში ცვლილებების შეტანა კიდევ არაერთი მიმართულებით იგეგმება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) შეიმუშავა "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტი, რომლის მიხედვითაც იცვლება სესხის დაფარვის წესი, მისი გაცემის კრიტერიუმები, მაქსიმალური ვადები და შემოდის ე.წ. ბოლო საცხოვრისის ცნება. ცვლილებების ავტორებისა და ინიციატორების აზრით, ამით მომხმარებელს დაიცავენ ჭარბვალიანობისგან, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ბანკებში სესხის აღება მნიშვნელოვნად გართულდება.
სესხის გაცემის ახალი კრიტერიუმები სავალდებულო იქნება სებ-ის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის. ჯერჯერობით ეს დოკუმენტი სამართლებრივი აქტის სამუშაო ვერსიაა, რომელშიც შესაძლოა შინაარსობრივი და ტექნიკური ცვლილებები კიდევ შევიდეს.
დოკუმენტის თანახმად, იცვბლება სესხის დაფარვის წესი, სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი დამოკიდებული იქნება მსესხებლის შემოსავალზე. მაგალითად, 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის მქონე პირისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15% უნდა იყოს, ანუ სესხის დასაფარავად ყოველთვიურად 75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს. როცა შემოსავალი 500-დან 1000 ლარამდეა, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს; ანუ სესხის ყოველთვიური შენატანი, ვთქვათ, 800-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 160 ლარს. ასევე, დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად დაწესდება 20 წელიწადი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისა - 10 წელიწადი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის - 4 წელიწადი. იპოთეკური სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის სავალდებულო გახდება მიზნობრიობის გაკონტროლება გონივრული პერიოდულობით.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ აიღებს. აქვე დაზუსტებულია, რომ უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქონება, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენება, უკვე არ არის სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული.
იცვლება სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესიც. კერძოდ, დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს.
გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: "აქამდე საქართველოში იყო ლიბერალური საბანკო გარემო და მსგავსი შეზღუდვები, როგორიც ახლა შემოდის, არ არსებობდა. მაგალითად, შემოდის 300-ლარიანი ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია საარსებო მინიმუმთან და თუ შემოსავალი ამ ზღვრამდეა, ბანკები ფიზიკურ პირზე სესხს ვერ გასცემენ. საზოგადოდ, რეგულაციების შემოტანა ცვლის თამაშის წესს. შესაბამისად, როცა ასეთი ცვლილებები ხდება, საჭიროა დრო და ანალიზი რბილი გადასვლისთვის, რათა ეს ცვლილებები დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს არც ერთი და არც მეორე მხარისთვის. თუ შემოთავაზებული სიახლეები დამტკიცდება, მნიშვნელოვნად შემცირდება ბანკების საკრედიტო პორტფელი, ეს ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.
რეალურად ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა, რომლებიც არ უკავშირდება საბანკო სექტორს. პირველი, გვყავს თვითდასაქმებულთა დიდი არმია, რომელთა შემოსავლების დადასტურება პრობლემაა. მეორე პრობლემაა გადაწყვეტილებების ირაციონალიზმი. არსებობს ასეთი ინდიკატორი - ვალის თანაფარდობა შემოსავლებთან. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, სადაც დაკრედიტება, ძირითადად, იპოთეკურია და მაღალი შემოსავლები აქვთ, ეს მაჩვენებელი 200%-ზე მეტია, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - 60-80%-ის ფარგლებშია. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 200%-ია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გემოვნება და სურვილები დაახლოებით იმ ქვეყნების დონეზეა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ხუთჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში".
ანი ალიბეგაშვილი, "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი: "ცვლილებების ამოქმედება, ალბათ, პირველ რიგში, სალომბარდე სესხებს შეეხება, როცა მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის მხოლოდ სესხის პროცენტს და ძირითადი თანხის დაფარვა სესხის ვადის ამოწურვის დროს უწევს. ამის გამო ხშირ შემთხვევაში მუდმივად ხდებოდა სესხის ძირი თანხის გადავადება და მოვალე ბანკს პროცენტს წლების განმავლობაში უხდიდა, რაც ჯამში ნასესხებ თანხას ბევრად აჭარბებდა. ამ ტიპის სესხთან ახლოს დგას სტუდენტური სესხი - სანამ სტუდენტს აქტიური სტატუსი აქვს, ის მხოლოდ სესხის პროცენტს იხდის. ამდენად, შესაძლებელია ეს შეზღუდვა სტუდენტურ სესხებსაც შეეხოს და მათ მოუწევთ ყოველთვიურად არა მხოლოდ პროცენტის დაფარვა, არამედ უკვე სოლიდური თანხის გადახდა. შესაბამისად, ამგვარი მიდგომა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სტუდენტური სესხის პრინციპთან და სესხის ეს ტიპი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. გარდა ამისა, ეს სესხი გაიცემოდა თავდებობით, როცა ძირითად მსესხებელს, სტუდენტს, თავმდები პირი მოჰყავდა. ახლა კი სტუდენტურ სესხებზე აისახება უკვე ძალაში შესული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპიც, როცა შემოსავლების დეტალური დადასტურების გარეშე სესხების გაცემა იზღუდება.
სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებლები აქამდეც არსებობდა, მაგრამ უფრო მაღალი იყო, 500 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სესხის ყოველთვიური მომსახურებისთვის ზღვრული თანხა აქამდე იყო 125 ლარი და ახლა 75 ლარამდე მცირდება. 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ზღვრული თანხა იყო 350 ლარი და ახლა 200 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ვინც მიჩვეული ვართ, რომ, მაგალითად, 1000-ლარიანი შემოსავლით შეგვეძლო 15.000-ლარიანი სესხი მიგვეღო 60 თვის ვადით, დღეს სამომხმარებლო სესხის ვადა მცირდება 4 წლამდე, ხოლო სესხის მოცულობა - 12.000 ლარამდე.
შესაძლოა ქვეყანაში არის კიდეც ჭარბვალიანობა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორად იყენებს სესხს, მათ შორის, ბიზნესდანიშნულებით. შესაბამისად, სესხებზე ხელმისაწვდომობა ცალსახად იზღუდება.
ჩვენს ორგანიზაციაში რეკავენ მოქალაქეები და კონკრეტულ შემთხვევებს გვისახელებენ. დაგვირეკა რეპეტიტორმა ქალმა, რომლისთვისაც ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მაცივარი გადაეწვა და განვადება არ დაუმტკიცეს იმის გამო, რომ შემოსავლებს ვერ ადასტურებს. ბანკმა მიუთითა, რომ უნდა დარეგისტრირდეს მცირე მეწარმედ, მოახდინოს შემოსავლების დეკლარირება, შემოსავლის 1% გადაიხადოს ბიუჯეტში და მისთვის კრედიტის დამტკიცება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ყველა ამ პროცედურასა და შემოსავლების დადასტურებას 3-დან 6-თვემდე სჭირდება, გამოდის, ამ ხნის განმავლობაში ეს ქალი უმაცივროდ უნდა იყოს. მსგავსი მაგალითი ძალიან ბევრია. ამიტომ რეგულაციების ასე მყისიერად მიღება, არ მიმაჩნია გამართლებულად".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"