საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
ამის შესახებ მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარუდგინა.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, 2017 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2,3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 1,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
თოდრაძის თქმით, აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2017 წელს ქალებში აქტიურობის დონე 58,2%-ს, ხოლო კაცებში 74,6%-ს შეადგენდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 2,8 პროცენტული პუნქტით.
მათივე მონაცემებით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.