ვერნერ ლიპახი - საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება მთელი რეგიონის განვითარებას ნიშნავს

საქართველოში პროექტების განხორციელება არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება, ეს ნიშნავს მთელი რეგიონის განვითარებას , - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა განაცხადა.

„საქართველოს მიმართ საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე (CAREC), საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია. საქართველოში პროექტების განხორციელება არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება. ეს ნიშნავს მთელი რეგიონის განვითარებას და გაუმჯობესებას.

საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი. ტურიზმის წილი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა მისი განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება. ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში არის პოზიტიური გარემო და სწორედ ამიტომ ჩვენც გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ვერ ვიტყოდი, რომ რისკები არ არსებობს, მაგრამ რისკები არის ყველგან“, - განაცხადა ვერნერ ლიპახმა.

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრა ქალაქ მანილაში მიმდინარეობს. საქართველო „აზიის განვითარების ბანკის“ წევრი 2007 წლიდანაა. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.