ბათუმში სასტუმრო Courtyard Marriott-ის გახსნის თარიღი ცნობილია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ განუცხადა, სასტუმრო 2019 წლის მაისში გაიხსნება. სასტუმრო მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის“ ხუთ სართულზე განთავსდება.
აკაკი სონგულიას განცხადებით, აპარტამენტები, რომელიც კომპლექსის ბოლო სართულებზე განთავსდება, სატესტო რეჟიმში ოქტომბერში გაიხსნება.
„ძირითადი სამშენებელო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად ფასადის საბოლოო მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აპარტამენტები სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება. მთლიანად კომპლექსი და მათ შორის სასტუმრო, სტუმრებს 2019 წლის მაისში მიიღებს”, - აცხადებს სონგულია.
მისივე თქმით, კომპლექსი 41 სართულიანია: „პირველიდან მეხუთე სართულამდე სასტუმრო იქნება. მასში 150 ნომერი განთავსდება. არის სტანდარტული, საოჯახო და საპრეზიდენტო აპარტამენტები. სასტუმრო ოთხ ვარკვლავიანი იქნება თუ ხუთ ვარსკვლავიანი, ამას თავად ბრენდი გადაწყვეტს“.
რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აკაკი სონგულიას თქმით, კომპლექსის ასაშენებლად ჯამში 45 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ადგილზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროსთან ერთად, „ალიანს პალასში“ კაზინოც გაიხსნება: „ებრაული კომპანია, რომელსაც „მარიოტთან“ აქვს ხელშეკრულება, კაზინოს გახსნის, თუმცა სხვა დამატებით დეტალებს ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ“.
ამასთან, „ალიანს ჯგუფს“ ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი აქვს დაწყებული - 54 სართულიანი „ალიანს ფრივილიჯი“. მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტები ექსპლუატაციაში 2020 წლის ზაფხულში შევა, ხოლო Marriot-ის ბრენდის სასტუმრო 2021 წლის ზაფხულში.
თეონა კენჭიაშვილი