მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხაზინის შეფმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი „გადაიდო“, ნავთობის ფასმა, აქციების და სხვა სასაქონლო პოზიციების მსგავსად, ზრდა განაახლა.
დილის სავაჭრო სესიის დროს, ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ერთი ბარელის ფასი 35 ცენტით, 78.86 დოლარამდე გაძვირდა. წინა კვირაში ამ მარკის ფასმა 80 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ კორექციული კლების ფაზაში გადავიდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს მარკის ნავთობის ფასი 29 ცენტით, 71.57 დოლარამდე გაძვირდა.
შეერთებულ შტატებსა და ჩინთს შორის სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დასაწყისში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ ტარიფების მასობრივი ზრდის პროცესს და მოლაპარაკებათა შედეგებს დაელოდებიან. მხარეები აცხადებენ, რომ ყოვლის მომცველი სავაჭრო გარიგებით არიან დაინტერესებულები, რომელიც მოცულობის მხრივაც დაბალანსებული იქნება.
იმავდროულად, საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ნავთობის ფასის რყევებთან დაკავშირებით და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან სანკტ პეტერბურგში შეხვედრა დაგეგმეს, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.
სანკტ პეტერბურგში დაგეგმილია ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის და საემიროების სუეილ ალ-მარზუის დარდა, OPEC-ის გენერალური მდივანი მოჰამად ბარკინდო, ასევე „ბრიტიშ პეტროლეუმის“ და „როიალ დაჩ შელის“ უმაღლესი თანამდებობის პირებიც (შესაბამისად, ბობ დადლი და ბენ ვან ბოირდენი) მიიღებენ მონაწილეობას.
„ბრიტიშ პეტროლეუმის“ დადლიმ როიტერსთან საუბრისას განაცხადა, რომ ნავთობზე ფასის განუხრელი ზრდის პირობებში, ბაზარზე ამერიკული ფიქალური ნავთობის მოზღვავებას ელის, რაც ფასს 50-65 დოლარის დიაპაზონში ჩამოიყვანს. ის ასევე ამბობს, რომ ბაზრიდან სანქციებით ირანის გამოთიშვის შემთხვევაში, OPEC აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დანაკლისი სწრაფად და უმტკივნეულოდ შეავსოს.
ყურადღებას იმსახურებს ერთი ფაქტი: საფონდო კომპანიების მენეჯერებმა, ამერიკული ნედლი ნავთობის პოზიციები მნიშვნელოვნად შეამცირეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი ფასის შემცირების მოლოდინში არიან და უკიდურესად გაძვირებულ ნედლეულზე პოზიციების შენარჩუნებას თავს არიდებენ.