რძის, ყველის, კვერცხის, ლობიანის, ხაჭაპურისა თუ პიცის შეძენისას, მისი შენახვის ვადით ალბათ ხშირად ინტერესდებით და სამართლიანადაც, რადგან როგორც კანონმდებლობა გვეუბნება, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დარღვევა, იწვევს პროდუქციაში არამარტო ლპობის, არამედ პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ გამრავლებას, რაც თავის მხრივ ბაქტერიული მოწამვლისა და მწვავე ნაწლავური დაავადებების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუ არ გვსურს, რომ ჩვენს ჯანმრთელობას მსგავსი პრობლემები შევუქმნათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ კანონის მიხედვით, პროდუქტის სახეობების მიხედვით შენახვის ვადები 6-დან 72 საათამდეა, არაუმეტეს 6 გრადუსი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.
რაც შეეხება რძის პროდუქტებს, კანონმდებლობის მიხედვით, პასტერიზებული რძის, ხაჭოს, ოჯახური წარმოების ყველის, ნაღებისა და მაწვნის შენახვის ვადა გახსნიდან 36 საათია.
უკვე ბოსტნეულის სეზონი მოვიდა და მისი შეძენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ:
ნედლი კარტოფილი 48 საათის განმავლობაში ინახება, თეთრთავიანი გასუფთავებული კომბოსტო 12 საათი, გასუფთავებული სტაფილო, ჭარხალი და თავიანი ხახვი კი 24 საათის განმავლობაშია ვარგისი. თუ პურ-პროდუქტები თქვენი რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, აუცილებელია, იცოდეთ, რომ საფუვრიანი ცომი 9 საათის განმავლობაში უნდა შეინახოთ, უმარილო, ფენოვანი ცომი კი, რომელიც ტორტების, ღვეზელისა და სხვა ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენება 24 საათის განმავლობაშია ვარგისი. ტკბილი ცომი 36 საათის გასვლის შემდეგ აღარ უნდა გამოიყენოთ!