საქართველოს ენერგოსისტემას ახალი პრობლემა ელის.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კრიპტოვალუტის ახალი დატა-ცენტრის მშენებლობა იგეგმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ციფრული ვალუტის გამომუშავების ბოლოდროინდელმა ბუმმა ენერგეტიკას დიდი თავსატეხი გაუჩინა და კიდევ ერთი ასეთი საწარმოს მოწყობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ-ით გაზრდის. ენერგეტიკოსები სახელმწიფოს მხრიდან კრიპტოვალუტის მოპოვებაზე მაღალი ტარიფის დაწესებას მოითხოვენ.
მართალია, ჯერჯერობით მაინინგის ობიექტებისა თუ შედარებით პატარა ფერმების აკრძალვაზე საუბარი არ არის, თუმცა სადავოა გადასახადის ის ფორმა, რომლითაც დატა-ცენტრები სარგებლობენ. როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე მაღალი გადასახადი უნდა დაწესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს კომუნალური ტარიფი გაუძვირდება, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გლდანსა და გორში მოქმედი ობიექტების გამო ისედაც 1 მლრდ კვტ/სთ-მდე არის გაზრდილი. ენერგეტიკოს დავით მიცხულავას განცხადებით, მთავრობას მოუწევს ოპტიმალური გამოსავლის მონახვა, პირველ რიგში, რეგულაციის დაწესება, რათა ქვეყნის ენერგოსექტორი და, შესაბამისად, ეკონომიკა არ დაზარალდეს.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაინინგის ახალი ობიექტი შენდება, კონკრეტულად სად მოეწყობა და რა სიმძლავრის იქნება იგი, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ცხადია, ნებისმიერი სიმძლავრის ობიექტის აშენება საქართველოს ენერგოსისტემისთვის პრობლემა და გამოწვევაა. ჩვენ ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი გვაქვს, იზრდება იმპორტი და ეს არის სერიოზული თავსატეხი.
საფიქრალია, რა პოზიცია ექნება მთავრობას და რა ზომებს მიიღებს, რომ კრიპტოვალუტის გამომუაშვების პროცესმა არ დაგვაზარალოს. რაღაც ოპტიმალური გამოსავალი უნდა მიიღონ. ამ თვალსაზრისით, რეგულაცია აუცილებელია", - განუცხადა მირცხულავამ "ბიზნეს-რეზონანსს".
კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში ციფრული ვალუტის მაინინგი არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ეკონომიკის დამანგრევლადაც შეიძლება იქცეს. ამის მიზეზი, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, საგადასახადო პოლიტიკაა, რითაც დატა-ცენტრები ბოროტად სარგებლობენ.
"გასაგებია, რომ მაინინგი არის ძალიან პროგრესული ტექნოლოგია, მაგრამ არსებობს კონკრეტული პრობლემა და ამიტომ მისი ელექტროენერგიით მომარაგება კომერციულ საწყისებზე უნდა ხდებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ობიექტებმა დენი კომერციული ფასით იყიდოს.
დღეს მოქმედი ტარიფი დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული სოციალური გაზის, დაუმუშავებელი ელექტროენერგიისა და ენგურჰესიდან გამომუშავებული დენის შეზავებით არის მიღებული. ამ დროს იაფი ელექტროენერგიით მარაგდება გლდანისა და გორის დატა-ცენტრები. ისინი უფრო იაფს იხდიან, ვიდრე მოსახლეობა, რაც უსამართლობა და არასწორი დამოკიდებულებაა.
კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში ყველაფერი ეს გასაგები იქნება მაგრამ არსებული ტარიფის პირობებში კრიპტოობიექტებისთვის შეღავათიანი პირობების დაწესება ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის დიდი დეფიციტია ქვეყანაში. წელს 2 მლრდ ელექტროენერგიას შევისყიდით, მერე კიდევ მოიმატებს ეს მაჩვენებელი.
როცა ელექტროენერგია მიიმართება ეკონომიკაში, კერძოდ, მრეწველობაში, როგორც წესი, იგი მშპ-ის ზრდას ემსახურება, რასაც ბიტკოინის გამომუშავება ვერ უზრუნველყოფს. როდესაც დატა-ცენტრები გადის 70-მეგავატიან სიმძლავრეებზე და იქ სულ რაღაც 5-10 კაცი მუშაობს, ეს არის დიდი გამოწვევა. სანაცვლოდ ვერაფერს იღებს ბიუჯეტი და ეს არის პრობლემა", - ამბობს არაბიძე და დასძენს, რომ მაინინგ-ფერმებისთვის რაღაც სხვა, ე. წ. კომერციული გადასახადები უნდა დაწესდეს.
"ამ წუთში საქართველოს არ აქვს იმდენი დენი, რომ კრიპტოობიექტებს მიზერულ ფასად მოვემსახუროთ. არა მარტო ელექტროენერგიის მოხმარების, არამედ ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემაც არსებობს. გამოდის, რომ 1,5 მლრდ ელექტროენერგიას წაიღებს ციფრული ვალუტის წარმოება სამომავლოდ, რაც კატასტროფაა ეკონომიკისთვის.
სანამ ჩვენთან თავისუფალი ბაზარი ჩამოყალიბდება, გარკვეული კატეგორიის მომხმარებელს სხვა ტარიფი უნდა დაუწესდეს, როგორც ეს ჩინეთშია, სადაც ციფრული ვალუტის წარმოებას გადასახადებს უზრდიან. ჩვენთან კი რა ხდება? ობიექტები სოკოებივით მრავლდებიან და ნორმალურად გადასახადის გადახდა არ უნდათ. მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი გადასახადი, ამაზე მთავრობა უნდა დაფიქრდეს და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" არაბიძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვთ საბანკო სფეროს სპეციალისტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტების წარმოების პროცესი რიგით მოქალაქეებს დააზარალებთ, რადგან აუცილებლად დადგება დენის გაძვირების საკითხი. ასე ფიქრობს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რომლის შეფასებითაც, ახალი დატა-ცენტრის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკას უკან დასწევს.
"სფრთხე ეკონომიკისთვის ნამდვილად დიდია, რადგან გაჩნდება ახალი ობიექტი, რომელიც დიდძალ ელექტროენერგიას წაიღებს, საქართველო კი ვერაფერს მიიღებს. ეს არ არის ისეთი პროდუქტი, რომ ქვეყანაში იწარმოებოდეს და მერე გადიოდეს ექსპორტზე, აქედან სარგებელი ნულოვანია. ცხადია, ახალი ობიექტების ამოქმედება ეკონომიკას დაანგრევს და ამაზე საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს.
არ ვამბობ, რომ უნდა აკრძალონ მაინინგი, მაგრამ დაბალი ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდება არასამართლიანია. ჩვეულებრივი ტარიფით თუ იყიდიან დენს, პრობლემა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება მოსახლეობა, რომელსაც აუცილებლად გაუძვირდება გადასახადი ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მოიმატებს მაინინგის გამო და, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება.
თუ "ბიტფური" დენს განსხვავებული ტარიფით იღებს, სხვა კომპანიაც იმავეს მოითხოვს. ამიტომ თავიდანვე იყო შეცდომა მისი შემოყვანა და სასათბურე პირობის შექმნა, ვინაიდან რეალურად არაფერს აძლევს ქვეყანას - არც სავალუტო შემოსავალი იზრდება ამით, არც ბიუჯეტს აქვს ხეირი და არც ქვეყანას. ჩვეულებრივი მომხმარებელი ზარალდება, რადგან აუცილებლად დადგება დენის გაძვირების საკითხი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"