ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული ჟურნალი იხურება

ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის მიერ 1969 წელს დაარსებული ჟურნალი Interview იხურება. ამერიკული გამოცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია CNN-მა ჟურნალის თანამშრომლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, ჟურნალის თანამშრომლებს ორშაბათს შეატყობინეს, რომ გამოცემამ სასამართლოს უკვე მიმართა გაკოტრების პროცესების საწარმოებლად და ბიზნესის ლიკვიდაციის თხოვნით. ამასთან დაკვშირებით წყდება როგორც ბეჭდური ვერსიის, ასევე ინტერნეტ ვერსიის გამოსვლაც.

„ჟურნალში ათთვიანი მუშაობის შემდეგ, სადაც მუშაობის დაწყება საოცნებოა, დღეს ბოლო დღე დადგა, იმიტომ, რომ ჟურნალი იხურება“ - განაცხადა გამოცემის ინტერნეტ ვერსიის რედაქტორმა ტრეი ტეილორმა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ, მათ შორის იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორი ფაბიე ბარონი, რომელიც ამ ჟურნალში ბოლო ათი წელია მუშაობს და რომელმაც კომპენსაციის სახით 600 ათასი დოლარი მოითხოვა.

ჟურნალი Interview 1969 წელს დაარსდა. ის სპეციალიზირდებოდა ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებზე. აღსანიშნავია, რომ მისი დამფუძნებელი ენდი უორჰოლი თავად წერდა ინტერვიუებს მის მიერ შემუშავებული 15 კითხვიანი ანკეტის მიხედვით. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ კი ჟურნალზე უფლება ამერიკელმა ბიზნესმენმა პიტერ ბრანტმა შეიძინა.

კოკა კვირკველია