საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ორგანიზაციას - „პირველ საკრედიტო კავშირს“ საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას #217-ე განკარგულებაშია აღნიშნული, „პირველ საკრედიტო კავშირს“ გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს №721 განკარგულება; რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს არჩილ ვაშაკიძე (პირადი ნომერი: 01008005193); ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნულია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანებაში.
განკარგულება ამოქმედდა მხარისთვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი კავშირის ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, მიუხედავად არაერთი მითითებისა, "პირველი საკრედიტო კავშირის" ხელმძღვანელობამ არ განახორციელა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ქმედებები. ასევე, ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საკანონმდებლო, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნების შეუსრულებლობის, არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.
„შემდგომ ეტაპზე, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, კავშირის ხელმძღვანელობას დაევალა რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება, საერთო კრების მოწვევა, კრედიტორებისთვის კავშირის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და დამატებითი კაპიტალიზაციის განხორციელება იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა კავშირის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას. თუმცა, სამწუხაროდ, კავშირის ხელმძღვანელობამ ეროვნული ბანკის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება კავშირის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები კრედიტორთა ვალდებულებების გასტუმრების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველი საკრედიტო კავშირი" 2011 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. ეს იყო წევრობაზე დაფუძნებული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით იზიდავს დეპოზიტებს და გასცემდა სესხებს. ამასთან, ორგანიზაციის მისია იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.