რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ ფინალურ ჭრილში გადაინაცვლა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც წერია, რომ რუსულმა ფულმა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა დააზიანოს.
Reuters-ის ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული ფული, რომელიც ბოლო დროს ერთიანად "გაქრა", ბრიტანეთის ხელისუფლებას ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს...
ბრიტანელი პარლამენტარების აზრით, რუსეთიდან შემოსული ფული ბრიტანეთის სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
"ამიტომაც, ხელისუფლებას ვთავაზობთ საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად, გაართულოს რუსეთიდან თანხის შემოდინების წყაროები, რომლებზეც არსებულ ვითარებაში სანქციები არ ვრცელდება," - აცხადებენ ისინი.
გამოცემის თქმით, ადრე ეროვნული უსაფრთხოების კრიმინალური სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბრიტანეთში რუსეთიდან შესული ასობით მილიარდი ფუნტი სტერლინგი "ირეცხებოდა".
თემთა პალატის კომიტეტის განცხადებით, პუტინის გარემოცვაში მყოფ კლეპტოკრატებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის უფლებების დამრღვევები ბრიტანული ინსტიტუტების მიმართ ნდობას "ფულის გათეთრებით" ასუსტებენ.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ის ადგილობრივები, რომლებიც ფინანსურ კორუფციულ აქტივებთან დაკავშირებით კრემლთან ასოცირდებიან და ამისთვის ლონდონს იყენებენ, ბრიტანეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
"ამიტომ, გაერთიანებულმა სამეფომ ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რომ რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს დაუპირისპირდეს და ასევე, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვაზე ფინანსური ზეწოლა გააძლიეროს", - აცხადებენ ბრიტანელი პარლამენტარები.