იაპონიამ ამერიკიდან გათხევადებული გაზის პირველი პარტია მიიღო

იაპონიამ ამერიკის ფიქალის საბადოებიდან მოპოვებული პირველი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტანკერი მიიღო.

კორპორაცია Tokyo Gas-ის მიერ შეკვეთილი გაზის მიღება იოკოჰამას პორტზე მოხდა.

პირველი პარტიის მოცულობამ 70 ათასი ტონა შეადგინა, რომელიც საკმარისია იაპონიის 220 ათასი ოჯახისთვის ერთი წლის განმავლობაში. იაპონურმა კომპანიამ ამერიკელებთან 20-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯამში ყოველწლიურად დაგეგმილია იაპონაიში 1,4 მილიონი ტონა თხევადი გაზის მიწოდება. აქამდე კი იაპონია საკუთარი გაზის საჭიროების 80%-ს ავსტრალიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან მიწოდებული გაზით ფარავდა.

გასული წლის ბოლოს იაპონიამ განაცხადა, რომ აპირებდა აქტიურად დახმარებოდა ამერიკისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ფიქალის საბადოებიდან მოპოვებული გათხევადებული გაზის მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაში. იაპონიის მთავრობა მზადაა, 1 ტრილიონი იენის (8,8 მილიარდი დოლარის) შეღავათიანი დახმარება გამოყოს ამ მიმართულებით და ამ ტიპის საწვავით მომუშავე მაღალეფექტური ეკოლოგიურად სუფთა ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

კოკა კვირკველია