ქუთაისში, მე-17 ბაგა-ბაღში ქვეწარმავალი ნახეს

ქუთაისში, მე-17 ბაგა-ბაღში, სასწავლო პროცესის დროს, ბაღის თანამშრომელმა ქვეწარმავალი შენიშნა და ფაქტის შესახებ ადმინისტრაციას აცნობა.

ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა და მოსწავლეები ორშაბათამდე დაითხოვეს. ქუთაისის მერიის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მე-17 ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ბოლოს გასულ კვირაში ჩატარდა.

"ბაღი მდინარე ოღასკურასთან ახლოს მდებარეობს. ამ პერიმეტრზე არსებულ საბავშვო ბაღებში ჩატარდა პრევენციული სამუშაოები ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, ბაღის ეზოში, შენობის კედელთან ახლოს, შენიშნეს ქვეწარმავალი, რის შემდეგაც, გაერთიანების ადმინისტრაციამ ქუთაისის სადეზინფექციო სამსახურს განმეორებითი სამუშაოების ჩატარება სთხოვა. ბაღის აღსაზრდელებს საფრთხე არ ემუქრებათ. სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია", -განაცხადა ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების სანჰიგიენური ნორმების კოორდინატორმა მადონა უჩიძემ.