ნავთობზე ფასმა ბოლო 3,5 წლის მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ნავთობზე ფასები იზრდებოდა.

უკვე საღამოს მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასმა 80,3 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკულ WTI ნავთობზე 72,64.

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსების მოსაზრებით, ნავთობზე ფასების ზრდას პირველ რიგში ხელს უწყობს ირანსა და ვენესუელაში შექმნილი ვითარება.

როგორც მოსალოდნელია მსოფლიო ელოდება ირანის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან ახალი მკაცრი სანქციების დაწესებას, რამაც შექმნა მოლოდინი სამომავლოდ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებაზე და მასზე მოთხოვნა გაზარდა. ვენესუელაში კი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ასევე ელოდებიან ამერიკის მხრიდან მწვავე სანქციებს.

„მარკეტ უოტჩის“ ანალიტიკოსების აზრით, ნავთობზე ფასების 80 დოლარზე მაღლა შენარჩუნება ზრდის რისკს, რომ უკვე მომავალი წლისთვის მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასები მიმდინარე წლის განმავლობაში 20%-ით არის გაზრდილი და 3,5 წლის წინანდელ მაქსიმუმს უტოლდება.

კოკა კვირკველია