„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. ფონდი ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე.
„ჩვენ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წლის დასაწყისიდან გვქონდა 5.2 პროცენტიანი ზრდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი წინ გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საქართველოში საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა იწყება. საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.