თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ ვარდნას განიცდის.
„ეს კი ხდება იმ დროს, როცა პრეზიდენტი ერდოღანი მომავალ თვეს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს“, - წერს Financial Times-ი.
მაშინ როცა სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტის კურსი წამყვან ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა, თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, Fitch-ის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ერდოღანი თურქეთის ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ ერდოღანმა უარი არ თქვა მის წინასაარჩევნო დანაპირებზე, რომელიც მიმართულია ცენტრალური ბანკის ქმედებების შეზღუდვისკენ, თურქული ლირას კიდევ უფრო გაუფასურება გარდაუვალი იქნება და ის ისტორიულ მინიმუმს - 5-იან ნიშნულს უკვე თვის ბოლომდე მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში ლირა დოლართან მიმართებით 13%-ით არის გაუფასურებული. თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ზომები კი უშედეგო აღმოჩნდა და ვალუტის დევალვაციის პროცესმა ახალი „სიმძლავრე“ შეიძინა. ეს პროცესები კი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა ინვესტორებისთვის, რომლებმაც მასიურად დაიწყეს თურქეთის ბაზრის დატოვება.
კოკა კვირკველია