საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 23 მაისს 10 წლის გახდა!
კომპანიის ისტორია 2008 წელს იწყება, როცა თბილისში, იოსებისძის ქუჩაზე პირველი, მცირე ზომის მაღაზია გაიხსნა. 10 წლის შემდეგ კი 56 ფილიალს აერთიანებს საქართველოს 21 ქალაქში.
„ბიბლუსის“ ქსელი დღეს უკვე არამარტო სტანდარტული მაღაზიებისგან შედგება, არამედ მის რიგებს შორის არის მულტიფუნქციური სივრცეები „ბიბლუსი გალერეას“ სახით, რომელიც აერთიანებს ათასობით სახეობის წიგნს, წიგნის კაფე „პიატოს“, საბავშვო სივრცეს, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს, ღვინის სადეგუსტაციო კუთხეს, კანცელარიას და სხვა.
23 მაისს „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში აღინიშნება იუბილე და თითოეულ სტუმარს, რომელიც ამ დღეს ეწვევა მაღაზიას, სასიამოვნო სურპრიზები ელის. ქსელის მასშტაბით, მხოლოდ ერთი დღით, 100 ბესტსელერ წიგნზე იმოქმედებს -50%-მდე ფასდაკლება. ნებისმიერ ფილიალში მისული ყველა მომხმარებელი საჩუქრად თემატურ სანიშნეს მიიღებს, ყოველი 50-ე სტუმარი კი სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდება.
დღეს ასევე სხვადასხვა ფილიალში მისულ მკითხველს მათთვის საყვარელი მწერლები და ცნობადი სახეები უმასპინძლებენ, გაესაუბრებიან, გაუწევენ კონსულტაციას და უპასუხებენ მათ კითხვებს. მასპინძლებს შორის იქნებიან: მწერლები თეონა დოლენჯაშვილი, ეკა ტოგონიძე, თათული ღვინიანიძე, შორენა ზუზუა, პოეტი გენრი დოლიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და სხვა.
10 წლის შემდეგაც კომპანიის მთავარი მიზანი უცვლელია: კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, წიგნი კი ხელმისაწვდომი ყველგან და ყველასთვის.